აქტივისტმა, პროევროპული აქციების მონაწილე სანდრო ქინქლაძემ, მეუღლესთან ერთად ქვეყანა დატოვა - სოციალურ ქსელში მან ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ეს გადაწყვეტილება „უსაფრთხების გამო“ მიიღო.

პოსტს თან დართული აქვს ფოტო, სადაც სანდროს და მის მეუღლეს საქართველოს პასპორტები და თვითმფრინავის ბილეთები უჭირავთ ხელში.

სანდრო ქინქლაძე წერს, რომ პატიმრობის შემდეგაც, ის დღე რესტორანში მუშაობდა, ღამით კი ისევ რუსთაველზე იდგა საპროტესტო აქციებზე, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი სიტყვებით, ხელისუფლებამ დაიწყო მისი და მისი ოჯახის, მისი ახლობლების თვალთვალი, გადაწყვიტა საქართველო დაეტოვებინა.

„ ჯერ ელენეს (მეუღლეს) დაყვებოდნენ ყველგანმ სადაც კი წავიდოდა, მერე დედამისის თვალთვალიც დაიწყეს და საბოლოდ, დედაჩემის ფოტო გამიმიგზავნეს, თუ როგორ მიდის სამსახურში. შემდეგ მე დამხვდა ორი ჩაბურული „შკოდა“ და იარაღის დამიზნებით გამაცილეს უბნიდან... დიდი ზეწოლა და სტრესი გამომატარეს პატიმრობის მერე. საბოლოდ გადავწყვიტე რომ დავტოვო ქვეყანა და ჩემს მეუღლესთან ერთად შევძლო მშვიდ და სამართლიან გარემოში ცხოვრება. სადაც არ მექნება იმის შიში რომ სადმე მომკლავენ ან დამიჭერენ... იმედი მაქვს, მალე დასრულდება ეს ჯოჯოხეთი. თუმცა, ამჯერად, ამ ბრძოლაში მე ვეღარ ვიქნები... ბოდიში რომ ამ ბრძოლაში დაგტოვეთ იმედია გამიგებთ, - წერს სანდრო ქინქლაძე.

სანდრო ქინქლაძე, რომელიც თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილეა, 2024 წლის 8 დეკემბრის ღამით, ვარკეთილში, მეგობრის სახლიდან გამოსვლის შემდეგ დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალს - პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. 9 დეკემბერს კი მოსამართლე ნინო ენუქიძემ 18 წლის აქტივისტს სახდელის მაქსიმალური ვადა, 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

წყარო: რადიო თავისუფლება