რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „საქართველო-აფხაზეთისა“ და „საქართველო-სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციას შეუძლია, „რეგიონში არსებული მდგომარეობის გაჯანსაღებას“ ხელი შეუწყოს.
მოსკოვში განმარტავენ, რომ რუსული მხარე კვლავ დაინტერესებულია 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გავრცელებული შემრიგებლური განცხადებებით“.
რუსეთის დიპლომატიური უწყების განცხადებით, კრემლი მზადაა განიხილოს ეს და „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ე.წ. „რესპუბლიკების“ წინააღმდეგ საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის საკითხები, მათ შორის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს მიზანი განსაკუთრებით აქტუალური გახდა „რადიკალური ოპოზიციის სცენარების განხილვის ფონზე“, რომლის ამოცანა, მოსკოვის მტკიცებით, „საქართველოსგან გამოყოფილ ტერიტორიებზე ძალისმიერი კონტროლის აღდგენაა“.
კრემლში ირწმუნებიან, რომ ასეთივე მიზანი სამხრეთ კავკასიაში აქვს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსაც. საქართველოსგან ოკუპირებულ რეგიონებთან „საზღვრის დელიმიტაციასა“ და საქართველოს მიერ „ძალის გამოუყენებლობაზე” ვალდებულების“ შესრულებას მოითხოვს.
რუსეთის საგარეო უწყების თქმით, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების შესახებ გაეროში თბილისის მიერ ყოველ წელს შეტანილი რეზოლუცია კრემლისთვის „სერიოზული გამაღიზიანებელია“ ფაქტორია.
მოსკოვი ბერნს ნეიტრალიტეტის პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებს, რადგან შვეიცარია ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუერთდა. ამ გარემოების გამო, კრემლი განიხილავს, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის „სხვა სათანადო ადგილას გადატანას“, რომელიც მოსკოვისთვის, სოხუმისა და ცხინვალისთვის იქნება ხელსაყრელი.