რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს ახსენებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს გორში, ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას 2008 წლის ომის გამო „ბოდიშის მოხდასთან” დაკავშირებით. ამის შესახებ საუბარია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდის შემდეგ რუსეთის საგარეო უწყების მიერ 5 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი 2025 წლის 4-5 მარტს გაიმართა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მოლაპარაკებების დროს რუსულმა მხარემ „კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება გასული წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით გაკეთებულ შემრიგებლურ განცხადებებზე“.

განცხადებაში ასევე წერია, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ „შესაბამისი შეთანხმების სახით“ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე სამართლებრივი ვალდებულებების აღების საკითხს.

„ამასთან დაკავშირებით, მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი მიესალმნენ მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ინიციატივას, რომ დაუბრუნდნენ პოლიტიკური განცხადების განხილვას, როგორც პირველი ნაბიჯი შეთანხმების დადებისკენ.

ამ მიზნის აქტუალობა იზრდება რადიკალური ქართული ოპოზიციის მიერ „გამოყოფილ“ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენის ძალადობრივი სცენარების განხილვის ფონზე, ისევე როგორც საქართველოს განსაკუთრებული როლის გაგრძელების ფონზე ნატოს გეგმებში სამხრეთ კავკასიაში, რასაც მოწმობს თბილისსა და ალიანსს შორის მჭიდრო ურთიერთქმედება, მათ შორის ინტენსიური სამუშაო კონტაქტები და ამიერკავკასიის სახელმწიფოს [საქართველოს] მონაწილეობა ერთობლივ სამხედრო წვრთნებში, მათ შორის მისივე ტერიტორიაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

მოლაპარაკებების წინა რაუნდების შემდეგ გავრცელებული განცხადებების მსგავსად, ამ განცხადებაშიც ხაზგასმულია, რომ „რეგიონში ზოგადი სიტუაციის შემდგომ გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს თბილისსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაწყება”. 

მოლაპარაკებების შემდეგ განცხადება გაავრცელა „ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართულმა დელეგაციამ აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებაზე. 

ასევე, მათივე თქმით, ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულადფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.

„63-ე რაუნდის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ შეშფოთება გამოხატა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე, მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციაზე, და ამ კონტექსტში, ოჩამჩირეში რუსეთის უკანონო საზღვაო ბაზის მშენებლობისა და სოხუმის აეროპორტის ამოქმედების ფაქტებზე. ქართულმა მხარემ ასევე დაგმო საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან რუსეთის პრეზიდენტის დღევანდელი შეხვედრა, რაც წარმოადგენს ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა”, – ნათქვამია განცხადებაში

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაიძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებარუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირისგაეროსა და ეუთო თანათავმჯდომარეობით და საქართველოსრუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობითსამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიისევეროგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

14 სექტემბერს, „ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გორის მოსახლეობას მიმართა და „ნაციონალური მოძრაობის” არაკონსტიტუციურად გამოცხადებასა და აგვისტოს ომთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი. პირობას გაძლევთ, რომ ქართული ნიუნბერგის პროცესი ძალიან მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა. ქართველების ერთ-ერთი ღირსება ყოველთვის იყო რეალობისთვის თვალის გასწორების უნარი, როგორი მწარეც არ უნდა ყოფილიყო ის.

საქართველოში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის ფონზე, კიდევ უფრო ღრმად მწამს, რომ სწორედ საკუთარი შეცდომების აღიარება, ქართველებსა და ოსებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება იმ გზის დასაწყისი, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს ნდობის აღდგენის სურვილს გაუჩენს.

26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.

და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავსმოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული ურთიერთპატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

წყარო: publika.ge