დედაქალაქის მასშტაბით შემოსავლების სამსახურის ფიზიკურ პირთა მომსახურების მხოლოდ ერთი სერვის ცენტრი მუშაობს. ის სარაჯიშვილის გამზირის პირველ ნომერში მდებარეობს. გადასახადების გადამხდელები და ინდ მეწარმეები აცხადებენ, რომ სერვის ცენტრების გაუქმების შემდეგ ისინი მომსახურების მიღების პროცესში სირთულეებს და პრობლემებს აწყდებიან. აცხადებენ, რომ მათ ყველა მომსახურების ონლაინ რეჟიმში მიღება არ შეუძლიათ, რის გამოც საჭიროა მომსახურების ცენტრში მისვლა და დოკუმენტების აღება. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ პრობლემას წარმოადგენს სერვის ცენტრის ადგილმდებარეობაც. ოფიციალურად მითითებულ მისამართზე მისულებს ადგილზე გლდანის გამგეობა ხვდებათ.
,,კომერსანტი“ დაინტერესდა, რატომ გაუქმდა თბილისში სხვა სერვის ცენტრები. ჩვენ შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურს დავუკავშირდით, სადაც განგვიმარტეს, რომ ცენტრები ეტაპობრივად ელექტრონული მომსახურების წახალისების მიზნით გაუქმდა.
,,ელექტრონული მომსახურების წახალისებისა და პოპულარიზაციის მიზნით 2019-21 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით მოხდა მოქალაქეთა მომსახურების სერვის ცენტრების ეტაპობრივი გაუქმება. ეს გულისხმობს, მომსახურების პროცესის ელექტრონულად წარმართვის პოპულარიზაციას. ის სერვისები, რაც ადრე ფიზიკური პირისთვის, ინდ. მეწარმეებისთვის და ა.შ. მისაღები იყო სერვის ცენტრებში მისვლით, ახლა უკვე შესაძლებელია მიღებული იყოს ელექტრონული ფორმით. ამისთვის არაფერს არ გადაიხდის. გარდა ამისა, ის მომსახურების ტარიფები, რაც ადრე იყო, მოხდა თანხის განახევრება. შესაბამისად, დროში უფრო სწრაფად ხდება სერვისების მიღება. ქალაქში არის დარჩენილი მოქალაქეთა მომსახურების მხოლოდ ერთი სერვის ცენტრი, რომელიც სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარეობს.’’- განმარტავენ შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურში.
რაც შეეხება რეგიონებს, შემოსავლების სამსახურის მედიასთან ურთიერთობის განყოფილებაში განმარტავენ, რომ ცვლილება მუნიციპალიტეტებს არ შეეხებათ და ყველა სერვის ცენტრი მუშაობას განაგრძობს.
,,რეგიონებში ჯერჯერობით, ყველა სერვის ცენტრი და მომსახურების სააგენტო მუშაობს და მათ ეს ცვლილება არ შეხებიათ. ჯერჯერობით ასეთი პროექტი (რეგიონებში სერვის ცენტრების გაუქმების) არ არსებობს, რადგან ამას გარკვეული პროცედურები სჭირდება.’’- განმარტავენ პრესსამსახურში.
შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ სერვის ცენტრების გაუქმების შესახებ გადასახადის გადამხდელები წინასწარ გააფრთხილეს. მათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები ავტორიზებულ გვერდებზე მიიღეს. ასევე ჩატარდა საინფორმაციო კამპანია.