გელათს გამოზამთრება ისევ დაუცველი სახურავით უწევს. თებერვალში, იმერეთში მოსულმა დიდმა თოვლმა დაფარა როგორც მთავარი, ისე წმინდა გიორგის ტაძრის დაზიანებული სახურავები. გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი გვარწმუნებს, რომ მთავარი ტაძრის საკურთხეველი მეორე დღესვე გადათოვლეს. თუმცა, არ გვაქვს გარანტია, რომ ერთი დღის განმავლობაში, თოვლის ნადნობმა წყალმა აფსიდის კრამიტიდან არ გაჟონა და მის ქვეშ არსებული ისტორიული მოზაიკა არ დააზიანა. 

თოვლი მთავარი ტაძრის საკურთხევლის აფსიდზე, 27 თებერვალი ფოტო: თორნიკე ბარათაშვილი

“…აფსიდზე თოვლის ფენა ნამქერის სახით დაიდო 25 თებერვლის საღამოდან 26 თებერვლის ჩათვლით, როდესაც დიდი ინტენსივობის თოვას დაერთო ქარიც. გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს ადგილზე მობილიზირებული ჰყავდა ჯგუფი, რომელსაც დავალებული ჰქონდა, რომ თოვის გადაღებისთანავე გადაეთოვლა და გაესუფთავებინა საკურთხევლის აფსიდი. აქვე აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში გელათში ყინვა -2 -დან -9 გრადუსამდე მერყეობდა და თოვლის დნობას ადგილი ვერ ექნებოდა, ხოლო დღეს დილის 12 საათამდე აფსიდი გადათოვლილი იყო… საზოგადოებას მივმართავთ თხოვნით, ნუ აჰყვება საქმეში გაუთვითცნობიერებელ პირთა მიერ აჟიოტაჟის შექმნის მცდელობას ”, – წერდა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი 28 თებერვალს.

განცხადებაში არც კი უხსენებიათ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომლის სახურავზეც თოვლი სამი დღის განმავლობაში იდო და არავის გადაუწმენდია. არადა, უკვე მესამე წელია დადასტურებულად ვიცით, რომ ამ ტაძრის კრამიტიც დაბზარულია, ნალექი შიდა სივრცეში აღწევს და მე-16 საუკუნის მხატვრობას აფუჭებს. ამ ფონზე, ეკლესიას დღემდე არ აქვს და უცნობია, როდის ექნება დროებითი გადახურვის კონსტრუქცია. მის გარეშე კი ძველ, დაზიანებულ საფარს ვერ ახდიან და ვერ გამოცვლიან. 

ღვთისმშობლის და წმინდა გიორგის ტაძრები 28 თებერვლის მდგომარეობით, ფოტოს ავრცელებს gelatirehabilitation.ge

“ჩვენთვის არაფერი ახალი და მოულოდნელი არ მომხდარა. უბრალოდ, ახლა ყველამ საკუთარი თვალით დაინახა ის, რასაც სულ ვწერდით. ჩვენ მუდმივად მივმართავდით კომიტეტს, რომ ტაძარი არის დაუცველი, რომ დროებითი გადახურვის კონსტრუქცია არსებული სახით ნალექებისგან დაცვის ფუნქციას ვერ ასრულებს. კომიტეტი მუდმივად ამტკიცებდა საპირისპიროს. კომიტეტი ახლაც იგივეს ამტკიცებს, უბრალოდ ახლა აღარავის სჯერა, რადგან ყველამ თვალნათლივ დაინახა დათოვლილი ტაძარი. რისკებს რაც შეეხება, პასუხი მარტივია – ყველამ იცის, რომ გელათის მხატვრობისა და მოზაიკის დაზიანების მთავარი წყარო ინფილტრაციაა. დათოვლილი ტაძარი იმის თვალსაჩინოებაა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში მხატვრობა და მოზაიკა ისეთსავე პირობებში იყო, როგორც წინა წლებში” , – გვითხრა ხელოვნებათმცოდნე მზია ჯანჯალიამ.

წმინდა გიორგის მსგავსად, უყურადღებოდ ნამდვილად არ არის გელათის მონასტრის მთავარი, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი. ბოლოსდაბოლოს, მას დროებითი გადახურვის კონსტრუქცია უკვე აქვს და მალე უნდა დასრულდეს იგივე სამუშაოები გუმბათისთვისაც.

თითქოს, ეს პროცესი დამაიმედებელი უნდა იყოს ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში, მაგრამ ასე არ არის. 2024 წლის სექტემბერში მოწყობილი დროებითი კონსტრუქცია ძეგლს სრულად ვერ იცავს. მეტიც, ისედაც გადასარჩენი გელათისთვის დამატებით თავისტკივილად იქცა.

“ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის მოწყობის აუცილებლობა განსაზღვრულია მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტისა და მისი მრჩეველი ორგანოების მხრიდან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ძეგლის ინფილტრაციიდან დაცვა და კედლის მხატვრობის შემდგომი დაზიანების თავიდან აცილება – გადარჩენითი კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოების წარმოებისას”, – ვკითხულობთ დროებითი გადახურვის კონსტრუქციის მოწყობის პროექტში.

ამ ფონზე, სპეციალისტები მაინც შიშობენ, რომ მთავარი ტაძარი და მისი ისტორიული მხატვრობა დღემდე არ არის დაცული წყლის შეღწევისგან, როგორც წვიმიან, ისე თოვლიან დღეებში. ეს თებერვლის უხვმა ნალექმაც აჩვენა. ზუსტად იმ ადგილას, სადაც წესით, ნალექი საერთოდ არ უნდა მოხვედრლიყო, თოვლი 24 საათის განმავლობაში იდო. 

ფოტო: თორნიკე ბარათაშვილი, მესამე ფოტოზე ჩანს თოვლის საფარი დაზიანებულ კრამიტიანი საკურთხევლის აფსიდზე

“ეს კონსტრუქცია იმისთვის შენდება, რომ გელათი დავიცვათ – არც ნალექი ჩავიდეს, არც თოვლი. ქარს და დატვირთვებს უნდა გაუძლოს. ახლა, ჩვენ რას ვუყურებთ? ტენტის ფრაგმენტული გადახურვების მიღმა თოვლია. თოვლია დეფექტურ კრამიტის საბურველზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულია. მის ქვეშ არის მოზაიკა, რომელიც ამგვარი გულგრილობის გამო ,,რეაბილიტაციის” სხვადასხვა ეტაპზე ძლიერ დაზიანდა. კომიტეტის მხრიდან იმის მტკიცება, რომ ამ მონაკვეთში კრამიტი არ აპარებს, თვალში ნაცრის ყრაა. რამდენიმე საექსპერტო დასკვნაა, რომ ეს კრამიტი დეფექტიანია. არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ აქ კრამიტი წყალს არ აპარებს”, – ასე შეაფასა არქიტექტორმა გოგოთურ მისრიაშვილმა გელათში დიდთოვლობისას შექმნილი სიტუაცია.

რა საფრთხები შეუქმნა გელათს დროებითი გადახურვის კოსნტრუქციამ, შარშან ნოემბერში დეტალურად მოგიყევით. ახლა კი ჩაგახედებთ, რა ხდება ტაძრის შიგნით, როგორი იქნება გუმბათის დროებითი გადახურვისთვის საჭირო საყრდენი კონსტრუქცია, ვინ არის პასუხისმგებელი მის მედეგობაზე და რა ვიცით სამუშაოებში ჩართული სპეციალისტების შესახებ. 

საფრთხეები გუმბათის დროებითი გადახურვის გარშემო 

როგორც გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა დააანონსა, გელათში სამუშაოები, წესით, დღეიდან უნდა განახლდეს. გერმანელმა და ქართველმა სპეციალისტებმა ტაძრის გუმბათის დროებითი გადახურვის კონსტრუქცია უნდა დაასრულონ. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია:

  • ტაძრის ინტერიერში დგას ე.წ ძალოვანი ხარაჩო, იატაკიდან გუმბათამდე აღმართული ერთგვარი მეტალის ღერძი, რომელსაც შემდეგ გუმბათის დროებითი გადახურვის კონსტრუქცია დაეყრდნობა. 
  • მოწყობილია ლითონის საყრდენი პლატფორმა – ლითონის კოჭები, რომელიც ჯვარედინად, ტაძრის ოთხ სარკმელში გადის და გარედან წრიული სარტყელით იკვრება. კოჭი რომ თავისუფლად გაეტარებინათ, დასავლეთით, მე-16 მე-17 საუკუნეების სარკმელზე დეკორატიული მხატვრობა და ნალესობის ფენა მოხსნეს.

სარკმლის მოხატულობის ფენა, რომელიც მოხსნეს , წყარო: gelatirehabilitatoin.ge

გახსნილ სარკმელში გასული ძალოვანი კოჭი წყარო: ერთსულოვნება

დღეს უნდა დაიწყონ სამუშაოების მესამე და ბოლო ფაზა – გუმბათის ერთიანი დროებითი გადახურვის კონსტრუქციის მოწყობა. ის ზემოთ ნახსენებ წრიულ პლატფორმას დაეყრდნობა.

“…დეკორატიული მოხატულობისა და ნელესობის ფრაგმენტების შემცველი სარკმლის ნაწილობრივი გახსნა უნდა იყოს განხილული, როგორც გარდაუვალი ღონისძიება, უფრო დიდი სიკეთისათვის. მიუხედავად იმისა, რომ მოცემული არეალი შედარებით მცირეა და მხატვრობის ძირითადი ზონის პერიფერიაზე მდებარეობს, საჭიროა სათანადო ძალისხმევა, რათა მხატვრობა და მასთან დაკავშირებული ნალესობის ფენები იქნას შენარჩუნებული და ასევე, უზრუნველყოფილ იქნას გარშემო არსებული არეალების დაცულობა ”,- ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

“ICOMOS ეთანხმება, რომ არ არსებობს სხვა გზა – ქვეპროექტის განსახორციელებლად, გარდა ამ წარმოდგენილი ვერსიისა. …ფანჯრის მონაკვეთის გახსნა, რომელიც შეიცავს დეკორატიულ მხატვრობასა და ნალესობის ფრაგმენტებს, არის გარდაუვალი ზომა[…] კედლის მხატვრობის კონსერვატორების მიერ შემუშავებული და შემოთავაზებული მეთოდოლოგია მიიჩნევა მართებულად [ადეკვატურად] სამუშაოს წარმატებული შედეგის მისაღწევად”, – გამოდის, რომ იკომოსი დაეთანხმა სარკმელებში კონსტრუქციის დეტალების გატარების გადაწყვეტილებას.

თუმცა, ხელოვნებათმცოდნე მზია ჯანჯალია ფიქრობს, რომ იკომოსს სხვა გზა არ ჰქონდა: “საერთაშორისო იკომოსის დადებითი დასკვნა გუმბათის ნაწილთან დაკავშირებით, ის, რომელზეც კომიტეტი აპელირებს, არგუმენტად არ გამოდგება. კონსტრუქციის უკვე აგებული ძირითადი ნაწილის პირობებში, შემდეგ დამატებული გუმბათის გადახურვაზე მიღებული თანხმობა არაფერს ნიშნავს, გარდა იმისა, რომ „კარგია, რომ რაღაც გზა გამოინახა“, „კარგია, რომ რაღაც გაკეთდა“, თუ თავის მოტყუება არ გვინდა, მხოლოდ ასე შეიძლება იმ დადებითი დასკვნის ინტერპეტირება. გამოუვალობისაა ის დადებითი დასკვნა”. 

გუმბათის დროებითი გადახურვის კონსტრუქციის სამუშაოები, სქრინი “ერთსულოვნებას” სიუჟეტიდან, 2025 წლის 5 მარტი

ძალოვანი ხარაჩოს შესახებ გუმბათის დროებითი გადახურვის კონსტრუქციის პროექტში ვკითხულობთ: 

“[ძალოვანი ხარაჩოების] კონსტრუქციები გაანგარიშებულია ვერტიკალურ სტატიკურ დატვირთვებზე და არ არის მომზადებული ჰორიზონტალური დატვირთვების მისაღებად. ჰორიზონტალური ძალების (სეისმური, ქარი) არსებობის შემთხვევაში, ძალოვანი ხარაჩოების გადაადგილება უნდა იყოს შეზღუდული, ჩვენ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იყოს საბჯენი კონსტრუქციები, რომლებიც მიყრდნობილი იქნება ე.წ. “დემფერების” (მასალა: რეზინი, კაუჩუკი, ან მათი მსგავსი სხვა მასალა, რომელიც არ დააზიანებს ტაძრის კედლებს) საშუალებით ტაძრის ყელის კედლებს. თვითონ სეისმური ძალა – ხარაჩოების სეისმური მასების დაბალი სიდიდის გამო უმნიშვნელოა და რაიმე სახის ზიანი ამის გამო არ მიადგება ტაძრის კონსტრუქციებს, იგივე შეიძლება ითქვას ქარის ზემოქმედებაზეც”.

იმის გასარკვევად, საიმედოა თუ არა სამუშაოების ეს მეთოდები, ვესაუბრეთ ხელოვნებათმცოდნეებს და არქიტექტორებს. როგორც ირკვევა, სპეციალისტები გუმბათის დროებითი გადახურვის კონსტრუქციის პროექტში რისკებს ხედავენ. მათი თქმით, სახიფათოა ძალოვანი ხარაჩოს ტაძრის ყელზე მიყრდნობა, რადგან ის ისედაც სუსტია. ხოლო სარკმელების გახსნას და მასში კოჭების გატარებას “პროფესიულად გაუმართავი პროცესის” ნაწილად მიიჩნევენ.

“არაფრით არ შეიძლება ამ რისკების ასე უყურადღებოდ, დაუთვლელადდა „ზეპირად“ დატოვება ე.წ. „დემფერების“ იმედად: გუმბათის ყელი ქართული ტაძრების ყველაზე სუსტი მონაკვეთია, გელათის მთავარი ტაძრის გუმბათს აქვს ბზარი, რომლის კონსტრუქციული შეფასებაც არ არის გაკეთებული, გელათის გუმბათის ყელის მხატვრობა დაზიანებულია. რაც შეეხება გუმბათის ხარაჩოს დამონტაჟებისას გამორღვეულ სარკმელს და მოხსნილ მხატვრობას, ამაზე არაფრის თქმა შეიძლება, გარდა იმისა, რომ ეს არის ტაძრის ისტორიული ქსოვილის დაზიანება. ამგვარი დაზიანების გამართლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებდით, თუ გვეცოდინებოდა, რომ თავიდან ბოლომდე ფრთხილად აწონილ-დაწონილ და კარგად დამუშავებულ პროექტთან გვაქვს საქმე, თუ გვეცოდინებოდა, რომ ყველა სხვა გადაწყვეტა უფრო დიდი ზიანის მომტანი იქნებოდა… იმ ვითარებაში, როდესაც გზადაგზა ირკვევა, რომ მაგ., უკვე აგებულ და ნაქებ კონსტრუქციას ნაწილები თუ არ დაემატა ადამიანები ისე ზედ ვერ გაივლიან და ვერ იმუშავებენ, რომ თუ ტაძრის მთავარი სივრცის სარკმლები ალაგ-ალაგ არ გამოინგრა, ისე კონსტრუქციის ძელები ინტერიერში ვერ შედის და ა.შ., ამ დაზიანების გამართლება შეუძლებელია. იგი იმ პროფესიულად გაუმართავი პროცესის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რაც გელათში ზიანის მატებას უწყობს ხელს და რაც წლების განმავლობაში არ კორექტირდება, მიუხედავად არაერთი მითითებისა და გაფრთხილებისა“,- ამბობს ხელოვნებათმცოდნე მზია ჯანჯალია.

არქიტექტორმა გოგოთურ მისრიაშვილმა კი ჩვენთან საუბრისას, სარკმელების გახსნას და იქ კოჭების გატარების გადაწყვეტილებას “ვანდალიზმი” უწოდა:

“დათქმა ასეთი იყო, რომ ძეგლს არ უნდა შეხებოდნენ და არ დაყრდნობობნენ. რადგან ამ ახალ კონსტრუქციას სხვა ჯდენა და რხევა აქვს, რაც ძეგლისთვის სარისკო და საზიანოა. როცა ამგვარ კონსტრუქციას აწყობ და გზადაგზა მე-12 საუკუნის ტაძრის სეგმენტებს ამტვრევ რათა ,,დაიცვა” ტაძარი, არასერიოზულია და მთლიანობაში არაპროფესიონალიზმი. ტაძარს არ უნდა დაყრდნობოდა ახალი კონსტრუქცია. სადღაც, კოჭის მონტაჟი ვერ მოხერხდა და აუთენტური ტაძრის დეტალები მოამტვრიეს თავის ფერწერიანად, ამას რა უნდა დავარქვათ, თუ არა ვანდალიზმი”. 

რა ვიცით კომპანიებზე, რომელიც გუმბათის კონსტრუქციას აწყობენ 

გელათის გუმბათს რომ დაზიანებული სახურავი გამოუცვალონ, ჯერ ძველი საფარი უნდა მოხსნან. ამ დროს, ტაძარი რომ ღია ცის ქვეშ არ დარჩეს, ერთგვარი “ქოლგა”, დროებითი გადახურვა დასჭირდება, რომელსაც საყრდენად მეტალის კონსტრუქცია ექნება.

აი, ასეთი:

წყარო: გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი, გუმბათის დროებითი გადახურვის კონსტრუქციის პროექტიდან

მთავარი ტაძრის ინტერიერში მოწყობილ ამ კონსტრუქციაზე სამი კომპანია მუშაობს.

  • იატაკსა და გუმბათს შორის აღმართული, ე.წ ძალოვანი ხარაჩო დაამზადა და დაამონტაჟა შპს “კაპიტელმა”;
  • გუმბათის გარშემო რკალის ფორმის “ფერმა”, რომელმაც სარკმელში გამოსული ძალოვანი ხარაჩოები უნდა შეკრას, დაამზადა და დაამონტაჟა “ქონსთრაქშენ სერვისმა”, ხოლო პროექტი ეკუთვნის “ქიუ ენჯინერინგს” 
  • უშუალოდ, გუმბათის დროებითი გადახურვის კონსტრუქცია უნდა მოაწყოს გერმანულმა კომპანია “ლეიერმა”

შპს “კაპიტელი” 1997 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. მისი ამჟამინდელი დირექტორები არიან ზურაბ ოქროშიძე და ლევან კურტანიძე, წილები კი ასე ნაწილდება: ზურაბ ოქროშიძე – 25 %, ლევან კურტანიძე – 25%, ზურაბ ზურაბიშვილი – 50%.

ზურაბ ზურაბიშვილის სახელი გელათის რეაბილიტაციის პროცესში პირველად არ გაჟღერებულა. ის ადრე მთავარი ტაძრის დასავლეთ მკლავის დროებითი გადახურვის სამუშაოებშიც იყო ჩართული.

საქმე ისაა, რომ ზურაბ ზურაბიშვილი ფლობს შპს “კაპიტელინჟინერინგსაც”, რომელიც გელათში 2022 წლის გაზაფხულზეც მუშაობდა. მაშინ ამ კომპანიამ იტალიელ უგო ტონიეტის გუნდთან ერთად დაამზადა და მოაწყო მთავარი ტაძრის დასავლეთ მკლავის დროებითი სახურავის კონსტრუქცია. გარდა ამისა,“კაპიტელინჟინერინგმა” მოხსნა ძველი, დროებითი სახურავი და დაბზარული კრამიტი. ამ ყველაფრისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 225 000 ლარი გადაუხადა.

გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის სახმრეთი განშლა, ფოტო დროებითი გადახურვის პროექტიდან, წყარო: გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი

ზურაბ ზურაბიშვილს დავურეკეთ, რომ გაგვეგო კონკრეტულად რა სამუშაოები გასწიეს გელათში და უმუშავიათ თუ არა მსგავს საქმეზე აქამდეც. აღმოჩნდა, რომ ის საქმის კურსში არ არის და დეტალებზე ვერ გველაპარაკა. გვითხრა, “არა, რას ლაპარაკობთ, წელს არაფერი გამიკეთებიაო”. გამოდის, რომ გელათში მისი კომპანიის სხვა წარმომადგენლებმა იმუშავეს, ისე რომ ზურაბიშვილს ამის შესახებ არ შეატყობინეს. გვსურდა “კაპიტელინჟინერინგის” სხვა მფლობელებთან გასაუბრება, მაგრამ მათი საკონტაქტო ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

რაც შეეხება “ქიუ ენჯენერინგს”, ეს კომპანია რეესტრში 2020 წელს დარეგისტრირდა. მისი მფლობელები არიან: დავით ქევანიშვილი, ირაკლი ურუშაძე და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ოლეგ ილიუხინი. კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას არ იღებს და მათი ვებგვერდის მიხედვით, არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მუშაობის გამოცდილება აქვს. ძირითადად, თანამედროვე საცხოვრებელ სახლებსა და სავაჭრო ცენტრებზე მუშაობენ.

“ქიუ ენჯენერინგის” მომზადებული პროექტით საყრდენი პლატფორმა დაამონტაჟა “ქონსთრაქშენ სერვისმა”. ის საჯარო რეესტრში 2012 წელს დარეგისტრიდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სამონტაჟო სამუშაოები. 2015 წლიდან ტენდერებშიც მონაწილეობს და 2015-2024 წლებში ჯამში 126 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული. კომპანიის მფლობელების კვალს “ქართულ ოცნებასთან” და რუსეთთან მივყავართ. 

ინტერვიუ გვსურდა არქიტექტორ ვახტანგ ზესაშვილთანაც. ის გელათის დროებითი გადახურვის არქიტექტურული პროექტის ავტორია და მთლიანად გელათის გადახურვის სამუშაოებზეა პასუხისმგებელი. ამიტომ, ბუნებრივია, მან უნდა გვიპასუხოს იმ კითხვებზე, რაც ხელოვნებათმცოდნეებს და არქიტექტორებს უჩნდებათ.

მას წერილობით გავუგზავნეთ კითხვები, რომ გაგვეგო, რის საფუძველზე გვაიმედებენ, რომ თებერვლის თოვლისას გელათში წყალი არ გაჟონილა, ხომ არ შეუმოქმებიათ საკურთხევლის მდგომარეობა ამ დიდთოვლობის შემდეგ და ზოგადად, რის საფუძველზე გვარწმუნებენ, რომ წვიმის/თოვლის  დროს ტაძარი წყლის ინფილტრაციისგან დაცულია? ზესაშვილს კითხვები დავუსვით გუმბათის დროებითი გადახურვის კონსტრუქციის მოწყობასთან დაკავშირებითაც და ჩვენს სტატიაში გაჟღერებული შიშების გასაქარწყლებლად არგუმენტები ვთხოვეთ. როცა ზესაშვილი პასუხს დაგვიბრუნებს, მასალაში შესაბამისად ავსახავთ. 

წყარო : ifact.ge