ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმების შემდეგ სპარსეთის ყურის ქვეყნებში რადიაციის ნიშნები არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ საუდის არაბეთის ბირთვული მარეგულირებელი და რადიოლოგიური ორგანოს განცხადებაშია აღნიშნული.

„აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე სამხედრო თავდასხმის შედეგად სამეფოსა და სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების გარემოზე რადიოაქტიური ზემოქმედება არ დაფიქსირებულა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა

უფრო კონკრეტულად, შეერთებიულმა შტატებმა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტებზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში.

ირანული მხარე ამტკიცებს, რომ დაბომბვამდე სამივე ლოკაციიდან ევაკუაცია იყო განხორციელებული

ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტზე დარტყმებისთვის აშშ-მა B-2-ის ტიპის ბომბდამშენები და GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბები გამოიყენა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ აშშ-ის წინააღმდეგ ნებისმიერ შურისძიებას პასუხად მოჰყვება იმაზე გაცილებით დიდი ძალა, ვიდრე ამ ღამით ვიხილეთ

ირანის განცხადებით, ყველა ვარიანტს იტოვებს აშშ-ის დარტყმებზე საპასუხოდ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაკჩიმ X-ზე დაწერა და განაცხადა, რომ თავდასხმები „აღმაშფოთებელი იყო და მას სამუდამო შედეგები მოჰყვება“.

ირანის ატომური ენერგიის სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებას ირანის მიმართ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და პირობას დებს, რომ „არასდროს დაუშვებს ამ ეროვნული ინდუსტრიის პროგრესის შეჩერებას“.