საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მაღალრეიტინგულ სამოგზაურო მედია ჯგუფ Beautiful Destination-თან და დაჯავშნის ტურისტულ პლატფორმასთან ერთად Expedia-სთან მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ Beautiful Destination-ის Instagram-გვერდზე ვიდეორგოლი განთავსდა. გვერდს 25 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
„Expedia-სთან ერთად ჩვენ გაჩვენებთ ულამაზეს ქვეყანას — საქართველოს, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე აღმოუჩენელია. ჩვენი 5-დღიანი მარშრუტით გაჩვენებთ ისეთ ადგილებს, სადაც არ ყოფილხართ და სურვილი გაგიჩნდებათ, რომ იმოგზაუროთ და კიდევ დაბრუნდეთ საქართველოში. შეინახეთ ეს პოსტი მომავალი მოგზაურობისთვის და მოემზადეთ ევროპის იმ ნაწილის აღმოსაჩენად, რომლის შესახებაც ბევრმა ჯერ არ იცის“, — წერია Beautiful Destination-ის პოსტში.
ვიდეორგოლში აღწერილია თბილისი, ქართული ღვინო და კერძები, კავკასიის მთები, ლაგოდეხის ეროვნული ნაკრძალი, ჩანჩქერები და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილები.
Beautiful Destination-ის გადამღები ჯგუფი საქართველოში იმყოფებოდა და ქვეყნის ტურისტული მიმართულებების შესახებ ვიდეორგოლები და ფოტო კოლაჟები მოამზადა. ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ვიდეორგოლები და პოსტები სოციალურ ქსელებში Beautiful Destination-ის გვერდებზე გავრცელდება: YouTube, Instagram, TikTok, Facebook.
Beautiful Destination-ის სოციალური არხების ჯამური აუდიტორია 50 მილიონს აჭარბებს, Expedia-ის მომხმარებელთა რაოდენობა კი 46 მილიონზე მეტია.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს