თბილისში მდებარე სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ს გენერალური მენეჯერის ელენე ოთარაშვილის დაკვირვებით, საქართველოს ტურისტების გეოგრაფია შეცვლილია.

ტურისტების პროფილის შეცვლაზე, რომელსაც საინვესტიციო ბანკ „გალტ ენდ თარგარტის“ ტურიზმის სექტორის უახლესი კვლევაც ადასტურებს, მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.

ელენე ოთარაშვილის ინფორმაციით, Golden Tulip Design Tbilisi-ს საშუალო დატვირთულობა ბოლო თვეებში, საშუალოდ, 80%-ია, მაგრამ ევროპელი მოგზაურები ნაკლებად ჰყავთ.

- ტურისტების პროფილი შეიცვალა. დღესდღეობით, ბევრად მეტი ტურისტი გვყავს ინდოეთიდან, ჩინეთიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ვიდრე - ევროპიდან.

- რა აინტერესებს ევროპელ ტურისტს საქართველოში? 


- განსხვავებული გამოცდილება, ქართული გულითადი მასპინძლობა, ღვინო, კერძები; ისინი რესტორანში დიდ დროს ატარებენ და ღიად გამოხატავენ კმაყოფილებას...

- თუმცა მაღალ სერვისსა და ინფრასტრუქტურას ითხოვენ... „გალტ ენდ თაგარტის“ ანალიტიკოსებიც წერდნენ კვლევაში, რომ ტურისტული ნაკადების მართვისთვის და ევროპელი ტურისტების მოსაზიდად საჭიროა ინფრასტრუქტურისა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესება.


- რა თქმა უნდა, ევროპელი ტურისტი მომთხოვნია, მაგრამ ობიექტური... რაც შეეხება ინდოეთის და ახლო აღმოსავლეთის ტურისტებს, მათი ქცევა ძალიან სპეციფიkურია; მათ ახასიათებთ პერსონალის ზედმეტად წვალება, უცნაური მოთხოვნები და უფრო მეტად უკმაყოფილების გამოხატვა, დამატებითი სარგებლის მიღების მიზნით.



- ელენე, რატომ შემცირდა ევროპელი ტურისტების რიცხვი - როგორია Golden Tulip Design Tbilisi-ს გამოცდილება? 


- ჩვენ გვყავს ლოიალური პარტნიორები - დიდი ტურისტული კომპანიები, რომლებთანაც მრავალწლიანი გამოცდილება გვაკავშირებს. მათაც იგივე პრობლემა აქვთ - შარშანდლიდან მოყოლებული, უქმდება ევროპული ჯგუფების ტურები. რა თქმა უნდა, ეს ნაწილობრივ უკავშირდება ქვეყნის პოლიტიკურ კურსს ანუ მათთვის ჩვენი ქვეყანა ნაკლებად სასურველი გახდა. ასევე ერთ-ერთი მთავარი მიზეზია უსაფრთხოება; ისინი ეცნობიან ინფორმაციას და იგებენ, რომ საქართველოში ხალხი მუდმივად რაღაცას აპროტესტებს.
 ევროპული მარკეტის მოზიდვაში ჩვენ უკვე მეზობელი ქვეყნები გვჯობნიან. აზერბაიჯანს და სომხეთს დღეს ზუსტად ის აღმავალი პერიოდი აქვთ, როგორიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა, როცა ტურიზმი საოცარი დინამიკით ვითარდებოდა. საქართველოს უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს, რომელიც გულდასაწყვეტია, რომ ჯერ არ არის ათვისებული.

წყარო: bm.ge