ქვეყანაში აზიელი ტურისტების ზრდას ერთად, სექტორი თანდათანობით ცდილობს, მათ მოთხოვნებზე გადაეწყოს, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ეს საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა წლების განმავლობაში ქართული მხარე დასავლელ და მხარჯველთუნარიან ტურისტებზე ცდილობდა მორგებას.
ტურისტული კომპანია Feel Georgia-ს დამფუძნებელი, ლუკა თურქაძე "კომერსანტთან" ინტერვიუში ამბობს, რომ აზიური სეგმენტი საკმაოდ სპეციფიკურია, განსაკუთრებით კი გალფის ქვეყნებიდან და ინდოეთიდან ჩამოსული ტურისტები. საქართველო ძალიან მოსწონთ და აინტერესებთ, მაგრამ სხვა კუთხით: თუ ევროპელი ტურისტისთვის დაინტერესების საგანი საქართველოს ისტორია, კერძები და რელიგიური ძეგლებია, აზიური სეგმენტი ძირითადად ბუნებით იხიბლებიან.
,,აზიური სეგმენტი საკმაოდ სპეციფიკურია, განსაკუთრებით გალფის ქვეყნებიდან და ინდოეთიდან ჩამოსული ტურისტები. საქართველო ძალიან მოსწონთ და აინტერესებთ, მაგრამ სხვა კუთხით. თუ ევროპელი ტურისტისთვის დაინტერესების საგანი საქართველოს ისტორია, კერძები და რელიგიური ძეგლებია, აზიური სეგმენტი ძირითადად ბუნებით იხიბლებიან: ხედები, მთები, ზღვა, მწვანე მინდვრები. კერძებზე დიდი მოთხოვნა არაბულ სეგმენტს მოთხოვნა არ აქვს. თუმცა არაბული სეგმენტიც საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგალითად თუ საუბარია ქუვეითზე, ყატარზე და საუდის არაბეთზე, ამ შემთხვევაში ნამდვილად ნაკლებია ადგილობრივი სამზარეულოთი დაინტერესება, თუმცა ლიბანი, იორდანია, ეგვიპტე- ამ ქვეყნებიდან გაცილებით სხვა კატეგორიის ტურისტები არიან, ჩვენი კულტურაც მეტად აინტერესებთ, ბევრი მათგანი ქრისტიანია; ისინი ინტერესდებიან როგორც ადათ-წესებით, ასევე ქართული კულტურით, ისტორიითა და რელიგიური ძეგლებით",- აღნიშნავს თურქაძე.
მისივე შეფასებით, ამ ეტაპზე საქართველო არაბი მაღალბიუჯეტიანი ტურისტების სპეციფიკურ მოთხოვნებს ვერ პასუხობს: სასტუმროებში არ არის მორგებული სველი წერტილები, კერძო ფრენები, ხშირად ჭირს VIP ბილეთების დაჯავშნაც სარკინიგზო მიმოსვლის დროს.
"არაბული სამყაროდან ტურისტების უდიდესი ნაწილი საუდის არაბეთზე მოდის, ისინი ძირითადად ოჯახებით ჩამოდიან, რომლებსაც აინტერესებთ აქტივობები, საქართველოს ბუნება და კარგი სასტუმროები. გადახდისუნარიანობის კუთხით საშუალოდ გადამხდელები არიან, ვერ ვიტყვი, რომ ბევრს ან ცოტას ხარჯავენ; თუმცა ეს მათი ბრალი არ არის, რომ ცოტას ხარჯავენ.
ქართული ტურიზმის სექტორი სამწუხაროდ, ძალიან ბევრ გამოწვევას ვერ პასუხობს, რომლის დამკმაყოფილების შემთხვევაშიც, ჩვენ აზიიდან მაღალბიუეჯეტიან ტურისტებს მივიღებდით.
ჩვენ არ გაგვაჩნია შესაბამისი სერვისები, ინფრასტრუქტურა და პირობები, ასევე სამუშაოების შესრულების ხარისხიც"- ამბობს Feel Georgia-ს დამფუძნებელი, ლუკა თურქაძე.