ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტზე დარტყმებისთვის აშშ-მა B-2-ის ტიპის ბომბდამშენები და GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბები გამოიყენა.
როგორც CNN-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, ოპერაციაში ექვსი ბომბდამშენი იყო ჩართული.
ისპაჰანსა და ნათანზში მდებარე ბირთვული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე იერიშების დროს აშშ-ის ძალებმა წყალქვეშა ნავებიდან Tomahawk-ის 30-მდე ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს, ასევე B-2-ის ბომბამშენებიდან ჩამოაგდეს ბუნკერის საწინააღმდეგო ორი ბომბი ნათანზში. GBU-57-ის ბომბი მიწისქვეშა სამიზნეების გასანადგურებლად არის შექმნილი.
ფორდო მდებარეობს თეირანიდან სამხრეთით დაახლოებით 100 კილომეტრში, ყუმის პროვინციაში, მთიან რეგიონში. ეს არის მიწისქვეშა ობიექტი, რომელიც, სავარაუდოდ, ორი ძირითადი გვირაბისგან შედგება. აქ ინახება ცენრიფუგები, რომლებიც ურანის გასამდიდრებლად გამოიყენება. არსებული მონაცემებით, ფორდოს სადგური 100 მეტრის სიღრმეში მდებარეობს.
ამასთან, ირანული მედიის ცნობით, აშშ-ის იერიშამდე სამი ბირთვული ობიექტიდან ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზიის პოლიტიკური დირექტორის მოადგილემ, ჰასან აბდეინიმ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მან ასევე განაცხადა, რომ ირანს სერიოზული ზარალი არ განუცდია, რადგან მასალები უკვე გატანილი იყო.
ირანის განცხადებით, ყველა ვარიანტს იტოვებს აშშ-ის დარტყმებზე საპასუხოდ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაკჩიმ X-ზე დაწერა და განაცხადა, რომ თავდასხმები „აღმაშფოთებელი იყო და მას სამუდამო შედეგები მოჰყვება“.
ირანის ატომური ენერგიის სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებას ირანის მიმართ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და პირობას დებს, რომ „არასდროს დაუშვებს ამ ეროვნული ინდუსტრიის პროგრესის შეჩერებას“.
ცნობისთვის, საუდის არაბეთში განაცხადეს, რომ მათ ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შემდეგ რადიაციის არანაირი კვალი არ ფიქსირდება.