აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა

ირანის ატომური ენერგიის სააგენტო ქვეყნის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ის თავდასხმას გმობს და აცხადებს, რომ მის ბირთვულ პროგრამას არასდროს შეაჩერებს, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანული მედია იუწყება.

საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციაში, რომელიც ირანის ბირთვულ ტექნოლოგიებს ზედამხედველობს, აცხადებენ, რომ სამი ძირითადი ობიექტი - ფორდოუ, ნატანცი და ისპაჰანი - კვირა დილის გამთენიისას „საშინელი თავდასხმის“ ქვეშ მოექცა.

სააგენტო დარტყმებს „საერთაშორისო სამართლის, განსაკუთრებით ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების აშკარა დარღვევად“ აფასებს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) თანამონაწილეობაში ადანაშაულებს.

ირანის ატომური ენერგიის სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებას ირანის მიმართ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და პირობას დებს, რომ „არასდროს დაუშვებს ამ ეროვნული ინდუსტრიის პროგრესის შეჩერებას“.

ისრაელის ლიდერები ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების გამო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მადლობას უხდიან და თავდასხმას გადამწყვეტ და ისტორიულ მომენტად აფასებენ.

ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით, დარტყმები „გადამწყვეტი მომენტია“.

„კაცობრიობის ისტორიის გვერდებზე ეს არის მომენტი, როდესაც თავისუფლების, პასუხისმგებლობისა და უსაფრთხოების პრინციპებმა გაიმარჯვა. გადამწყვეტი მომენტი ტერორისა და ბოროტების ღერძსა და იმედის ღერძს შორის“, - წერს ისრაელის პრეზიდენტი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, კი დარტყმებმა აშშ-ისრაელის ალიანსი გაამყარა.

„შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის ალიანსი ახლა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს - ორივე ერისა და მთელი თავისუფალი სამყაროს მშვიდობისა და უსაფრთხოების გულისთვის“, - აცხადებს ისრაელ კაცი.

მისი თქმით, ტრამპის გადაწყვეტილება დარტყმის შესახებ ისტორიულია და რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვების ნებართვის მიცემა „საფრთხის ქვეშ დააყენებს ისრაელს, რეგიონის ქვეყნებს და თავად შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს“.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დონალდ ტრამპის გაბედული გადაწყვეტილება ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებთან დაკავშირებით ისტორიას შეცვლის.

„გილოცავთ პრეზიდენტო ტრამპ, თქვენი გაბედული გადაწყვეტილება, მიზანში ამოგეღოთ ირანის ბირთვული ობიექტები აშშ-ის საოცარი და სამართლიანი ძალით, ისტორიას შეცვლის. პრეზიდენტი ტრამპი და მე ხშირად ვამბობთ: „მშვიდობა ძალის მეშვეობით“. პირველ რიგში ძალაა, შემდეგ კი მშვიდობა მოდის. პრეზიდენტმა ტრამპმა და შეერთებულმა შტატებმა დიდი ძალით იმოქმედეს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ირანის განცხადებით, ყველა ვარიანტს იტოვებს აშშ-ის დარტყმებზე საპასუხოდ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაკჩიმ X-ზე დაწერა და განაცხადა, რომ თავდასხმები „აღმაშფოთებელი იყო და მას სამუდამო შედეგები მოჰყვება“.

ირანის ატომური ენერგიის სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებას ირანის მიმართ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და პირობას დებს, რომ „არასდროს დაუშვებს ამ ეროვნული ინდუსტრიის პროგრესის შეჩერებას“.

ცნობისთვის, საუდის არაბეთში განაცხადეს, რომ მათ ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შემდეგ რადიაციის არანაირი კვალი არ ფიქსირდება