ირანული მედიის ცნობით, აშშ-ის იერიშამდე ირანის სამი ბირთვული ობიექტიდან ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც BBC-ი წერს, აღნიშნულის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზიის პოლიტიკური დირექტორის მოადგილემ, ჰასან აბდეინიმ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მედიის ცნობით, მან ასევე აღნიშნა, რომ ირანს სერიოზული ზარალი არ განუცდია, რადგან მასალები უკვე გატანილი იყო.
ცნობისთვის, აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.
ცნობისთვის, საუდის არაბეთში განაცხადეს, რომ მათ ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შემდეგ რადიაციის არანაირი კვალი არ ფიქსირდება.
ირანის განცხადებით, ყველა ვარიანტს იტოვებს აშშ-ის დარტყმებზე საპასუხოდ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაკჩიმ X-ზე დაწერა და განაცხადა, რომ თავდასხმები „აღმაშფოთებელი იყო და მას სამუდამო შედეგები მოჰყვება“.
ირანის ატომური ენერგიის სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებას ირანის მიმართ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და პირობას დებს, რომ „არასდროს დაუშვებს ამ ეროვნული ინდუსტრიის პროგრესის შეჩერებას“.