შოკოლადის კომპანიები კაკაოს რეკორდულად გაძვირების ფონზე თავიანთ პროდუქტებში კაკაოს წილს ამცირებენ და ზრდის ახალ გზებს ეძებენ. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

RBC Capital Markets-ის ექსპერტი, ნიკ მოდი აცხადებს, რომ „ყოველი კომპანია ცდილობს, კანფეტების სფეროში უფრო კომპლექსური მოთამაშე გახდეს.“ ისინი შოკოლადის ბაზარზე ზეწოლის ფონზე ახალ კატეგორიებს აქტიურად იკვლევენ.

მაგალითად, კომპანია, Hershey წლევანდელ წარმოებაში საღეჭი კანფეტების მოცულობის 50%-ით გაზრდას აპირებს. კომპანიამ სამომავლო გეგმა ფლორიდის შტატის პატარა ქალაქ ბოკა-რატონში გამართულ ნიუ-იორკის მომხმარებელთა ანალიტიკოსთა ჯგუფის (Consumer Analyst Group of New York) კონფერენციაზე გაასაჯაროვა. Hershey-ის აღმასრულებელი დირექტორი, მიშელ ბაკი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი კომპანიას მომხმარებლებთან ურთიერთობის ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.

Bloomberg-ის შეფასებით, Hershey-ის ნაბიჯი ინდუსტრიის საერთო ტენდენციას ასახავს, რომლის მიხედვითაც, კაკაოს ფასების ზრდა კომპანიებს ალტერნატივისკენ უბიძგებს. კერძოდ, შეთავაზებებს შორის გაჩნდა ისეთი პროდუქტები, რომლებიც კაკაოს ნაკლებად ან საერთოდ არ შეიცავს. ასევე, მომხმარებლების მისაზიდად ინოვაციური არომატები ინერგება.

Bloomberg კაკაოს ფასების ზრდის მრავალფეროვან მიზეზებს შორის ძირითად ფაქტორებს ასახელებს, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შოკოლადის ინდუსტრიაზე. ეს არის მსოფლიოში კაკოს ყველაზე დიდ მწარმოებელ რეგიონში, დასავლეთ აფრიკაში მოსავლის უკმარისობა, რომელიც გვალვებითა და მცენარეთა დაავადებებით არის გამოწვეული. ამასთან, გლობალურ ბაზარზე მიწოდების დეფიციტს ხელს უწყობს სტრუქტურული საკითხებიც, როგორიც არის ლოგისტიკა და წარმოების სირთულეები.

„ამ ყველაფერმა კაკაოს ფასები რეკორდულ მაჩვენებლამდე მიიყვანა, რის გამოც შოკოლადის მწარმოებლები აიძულა, ხარჯების შესამცირებლად ახალი გზები გამოენახათ. მათ შორის არის პროდუქციის რეფორმულირება და ასორტიმენტის გაფართოება ტრადიციული შოკოლადის მიღმა. ამდენად, კაკაოს ფასების ზრდა კომპანიებს დივერსიფიკაციისთვის ასტიმულირებს და ახალი, ინოვაციური პროდუქტების შემუშავებისკენ უბიძგებს, რომ მუდმივად ცვალებადი ბაზრის ლანდშაფტში მომხმარებელთა ყურადღება შეინარჩუნონ,“ - წერს Bloomberg.

ცნობისთვის: ზუსტად ერთი კვირის წინ, მსოფლიო ბაზრებზე კაკაოს ფასმა მორიგი რეკორდი მოხსნა და ტონაზე 6,651 დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 146,3%-ით მეტია. თუ 2023 წლის 26 თებერვალს ერთი ტონა კაკაო ბირჟებზე 2,700 დოლარი ღირდა, მიმდინარე წლის იანვრის მიწურულს ერთი ტონა კაკაოს ფასი ბირჟებზე 4,600 დოლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი ფასები აღემატება წინა ისტორიულ მაქსიმუმს, რომელიც 1977 წელს დაფიქსირდა, როცა კაკაოს მარცვლების ფიუჩერსები ტონაზე 4,600 დოლარზე მეტად ივაჭრებოდა. ფასთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნახტომი 2011 წლით თარიღდება, როცა ფიუჩერსებმა ტონაზე, თითქმის, 3,800 დოლარს მიაღწია. ამის შემდეგ ფასები ტონაზე 1,800-დან 2,500-დოლარამდე დერეფანში შენარჩუნდა, ხოლო 2022 წლის ბოლოს სწრაფი ზრდა დაიწყო.

bpn.ge