პატრიარქმა კირილმა დაწერა წიგნი, რომელშიც ხალხს პუტინისთვის ლოცვისკენ მოუწოდებს
წიგნის სახელწოდებაა "წმიდა რუსეთისთვის: პატრიოტიზმი და რწმენა".
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური წერს, რომ პატრიოტიზმი არ არის მხოლოდ „სამშობლოსა და ხალხის სიყვარული“, არამედ ის „ქრისტიანული ფასეულობებიცაა“.
პატრიარქი კირილი რუსეთს „მშვიდობისმოყვარე ქვეყანას“ უწოდებს, რომელიც „ეშმაკებისგან“ „თავისუფლების კუნძულად“ იქცევა.
„სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ კაცობრიობას ომის გარეშე არ შეუძლია ცხოვრება. ასეთია ადამიანის დაცემული ბუნება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია და უნდა შევამციროთ სამხედრო მოქმედებების ჰუმანიტარული ზიანი, თუ ეს ქმედებები დაიწყო“, - წერს პატრიარქი კირილი.
ამავდროულად, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის თქმით, მშვიდობა შეუძლებელია სამართლიანობის გარეშე, ამიტომ აუცილებელია „ყველა ეშმაკური აზრის“ ამოძირკვა იმ ადამიანების გონებიდან, რომლებიც არ ისწრაფვიან „წმინდა რუსეთის სულიერი ერთიანობისკენ“.
წიგნში პატრიარქი მკითხველს ასევე მოუწოდებს ილოცონ პუტინისა და რუსი სამხედროებისთვის, რომლებიც უკრაინის ომში მონაწილეობენ.