ესპანელმა მეცნიერებმა შექმნეს მცენარეები, რომლებსაც დაავადების შესახებ თავად შეუძლიათ გაფრთხილება. სანამ მცენარე ჯანმრთელია, ის სუსტ ყვითელ ნათებას გამოსცემს, ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში კი მისი ნათება მწვანე ხდება. სპეციალურ კამერებს ამ ცვლილების დაფიქსირება ჯერ კიდევ მანამდე შეუძლიათ, სანამ ფოთლებზე ლაქები ან დაავადების სხვა ხილული ნიშნები გამოჩნდება.
მეთოდი ესპანეთის მცენარეთა მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა შეიმუშავეს. მათ მცენარეები ერთგვარ „ცოცხალ სენსორებად“ აქციეს, რომლებიც საკუთარ მდგომარეობას მუდმივად აკონტროლებენ და ინფექციის შემთხვევაში სინათლის სიგნალს გამოსცემენ.
იდეა ბუნებრივად მანათობელი სოკოებიდან მოდის. მეცნიერებმა მცენარეებში გადაიტანეს გენები, რომლებიც ნათებაზეა პასუხისმგებელი. ჯანმრთელი მცენარე სუსტ ყვითელ შუქს გამოყოფს, ხოლო ვირუსის უჯრედებში შეღწევისას მისი ფერმენტი რეაქციას იწვევს და ნათება მწვანე ხდება.
ამ ეტაპზე სისტემა ვირუსების მხოლოდ ერთ ჯგუფს ცნობს, თუმცა ამ ჯგუფში 200-ზე მეტი ცნობილი გამომწვევი შედის.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ტექნოლოგიის პირველი პრაქტიკული გამოყენება სათბურებში იქნება შესაძლებელი. ჩვეულებრივ კულტურებს შორის რამდენიმე ასეთი „მცენარე-დარაჯის“ განთავსება და კამერების დამონტაჟება საკმარისი იქნება. თუ რომელიმე მათგანი ფერს შეიცვლის, აგრონომები ინფექციის კერის აღმოჩენასა და დაავადების გავრცელების შეჩერებას ადრეულ ეტაპზე შეძლებენ.
მომავალში მეცნიერები გეგმავენ, მცენარეებს ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების ამოცნობაც ასწავლონ.
წყარო:
https://euro-pulse.ru/news/ispanskie-uchenye-nauchili-rasteniya-svetitsya-pri-zarazhenii-virusom/