საქართველოს მთავრობამ უფასო სასკოლო ფორმით უზრუნველყოფის პროგრამაში ცვლილება შეიტანა და ბენეფიციართა წრე გააფართოვა. პროგრამას მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებიც დაემატნენ. ცვლილება მთავრობის 21 აგვისტოს №406 დადგენილებით შევიდა ძალაში.

ახალი წესის მიხედვით, უფასო სასკოლო ფორმას მიიღებენ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, რომელთა მშობელს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი აქვს — ანუ ოთხი ან მეტი შვილის მშობელია — და ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაშია რეგისტრირებული. ამ კატეგორიისთვის ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000-ზე მეტი და 120 001-ზე ნაკლები უნდა იყოს.

პროგრამაში მანამდეც შედიოდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია. ასევე, უფასო ფორმა გადაეცემათ მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვებს, მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების ბენეფიციარებს, თბილისის ბავშვთა სახლში მცხოვრებ მოსწავლეებს და უკრაინაში ომის გამო საქართველოში გადმოსულ იმ ბავშვებს, რომლებიც საჯარო სკოლებში ჩაირიცხნენ.

სასკოლო ფორმის სრული კომპლექტი ბიჭებისთვის მოიცავს ერთ პიჯაკსა და ორ შარვალს, ხოლო გოგოებისთვის — ერთ პიჯაკს, ერთ შარვალსა და ერთ ქვედაკაბას. ორივე შემთხვევაში სრული კომპლექტის ფიქსირებული საცალო ფასი 95 ლარია.

მთავრობის განმარტებით, პროგრამის მიზანია განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, სოციალური ინტეგრაცია და მოსწავლეებისთვის ღირსებაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს შექმნა.