შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.
შსს-ს მტკიცებით, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და “ცალკეული დაინტერესებული პირების მხრიდან მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება”.
“განვმარტავთ, რომ ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, სხვადასხვა ქვეყნის 7 880-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.
ასევე, ანალოგიურ პერიოდში, ამავე გამშვები პუნქტით ქვეყანა დატოვა
სხვადასხვა ქვეყნის 8 406-მა მოქალაქემ.
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე, სხვადასხვა მონაცემის არასწორი ინტერპრეტაციითა და დამახინჯებული ფორმით გავრცელებისგან”. - წერს შსს.