პოლონეთმა საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელის მოქალაქეებისთვის სამუშაოდ ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა. შესაბამის განკარგულებას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ 10 აგვისტოს მოაწერა ხელი და დოკუმენტი შაბათს, 15 აგვისტოს შევიდა ძალაში.
ახალი წესების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში დასაქმების მიზნით შესასვლელად სამუშაო ვიზის აღება დასჭირდებათ. ამასთან, უვიზო რეჟიმი კვლავ მოქმედებს ტურისტული და სხვა ნებადართული მოკლევადიანი ვიზიტებისთვის.
პოლონეთის ტერიტორიაზე 15 აგვისტომდე შესული პირები ძველი რეგულაციებით ისარგებლებენ.
ცალკე ცვლილება 22 აგვისტოდან ამოქმედდება. ამ თარიღიდან საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელის მოქალაქეებს, რომლებსაც პოლონეთის მიერ გაცემული სამუშაო ნებართვა აქვთ, უვიზო რეჟიმით ქვეყანაში ყოფნის პერიოდში მუშაობა აღარ შეეძლებათ და დასაქმებისთვის შესაბამისი ვიზა დასჭირდებათ.
პოლონეთის მთავრობის განცხადებით, აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები უვიზო მიმოსვლას სისტემატურად იყენებდნენ იმისთვის, რომ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გვერდის ავლით დაეწყოთ მუშაობა.
ოფიციალური პირების განმარტებით, შეზღუდვების დაწესების მიზეზებს შორისაა არალეგალური დასაქმება და უცხოელთა ექსპლუატაცია, შავი ბაზრის ზრდა, ადამიანებით ვაჭრობა და მიგრაციული რისკები.
პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, ახალი რეგულაციები ქვეყანაში არალეგალური მიგრაციისა და უცხოური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფართო კამპანიის ნაწილია.
გასულ წელს პოლონეთის სამართალდამცავებმა ქვეყნის მასშტაბით არაერთი ოპერაცია და დეპორტაციის პროცედურა ჩაატარეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. დეკემბერში პოლონეთმა 10 ქართველი მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა, რომლებიც, ხელისუფლების შეფასებით, საზოგადოებრივ წესრიგსა და სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდნენ.