პორტუ პორტუგალიის პირველი ქალაქი გახდა, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის ბილეთის შეძენა აღარ სჭირდებათ. ქალაქის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობას ავტომობილების ნაცვლად ავტობუსების, ტრამვაებისა და მატარებლების გამოყენებისკენ უბიძგებს.
ამჟამად პორტუში ყოველდღიური გადაადგილების 56.8% ავტომობილებზე მოდის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის წილი კი მხოლოდ 23.5%-ია.
უფასო მგზავრობა მხოლოდ პორტუში რეგისტრირებული მცხოვრებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. პროგრამა ვრცელდება Andante-ს ქსელში შემავალ ყველა სახის ტრანსპორტზე, მათ შორის მეტროზე, ავტობუსებზე, საგარეუბნო მატარებლებსა და ტრამვაებზე. მოგვიანებით პროგრამას პორტუსა და მეზობელ ქალაქ ვილა-ნოვა-დე-გაიას შორის მოძრავი ბორანიც დაემატება.
ტურისტებისთვის მგზავრობა კვლავ ფასიანი დარჩება. შესაძლოა, სწორედ მათი გადასახადებით დაფინანსდეს ადგილობრივი მოსახლეობის უფასო ტრანსპორტი. მერია განიხილავს ტურისტული მოსაკრებლის ერთ ადამიანზე, ერთი ღამისთვის 3 ევროდან 4 ევრომდე გაზრდას. ამჟამად პორტუს 13 წელზე უფროსი სტუმრები თითო ღამეში 3 ევროს იხდიან, თუმცა გადასახადი მაქსიმუმ შვიდ ღამეზე ვრცელდება.
ამასთან, ქალაქი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებასაც გეგმავს. წლის ბოლომდე ავტობუსებისთვის გამოყოფილი ზოლების საერთო სიგრძე 16-დან 22 კილომეტრამდე უნდა გაიზარდოს.
პორტუ შეუერთდა ევროპის სხვა ქალაქებს, რომლებმაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური გააუქმეს. საფრანგეთში მსგავსი პროგრამები სულ მცირე 39 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მოქმედებს. მაგალითად, მონპელიეში უფასო მგზავრობის შემოღებიდან ერთი წლის განმავლობაში ავტობუსებისა და ტრამვაების მგზავრთა რაოდენობა დაახლოებით მესამედით გაიზარდა.
მსგავსი ზრდა დაფიქსირდა მალტაზეც, სადაც ავტობუსებით მგზავრობა უფასო გახდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობენ ტალინის მცხოვრებლებიც, ხოლო ლუქსემბურგში 2020 წლიდან ტრანსპორტი უფასოა როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის.
ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უფრო შეზღუდული პროგრამებიც მოქმედებს. მაგალითად, მალტაზე ტაქსით მგზავრობა უფასოა ხანდაზმულებისთვის, ბულგარეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურისგან 14 წლამდე ბავშვები გათავისუფლდნენ, ხოლო მადეირაზე უფასოდ მგზავრობენ სტუდენტები და 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები.