ფინეთის ოულუს უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც დღეში ხუთ ან მეტ ფინჯან ყავას სვამენ, წონის მატებისკენ შედარებით ნაკლებად არიან მიდრეკილი. კვლევამ აჩვენა, რომ მათ უფრო მეტი კუნთოვანი და ნაკლები ცხიმოვანი ქსოვილი აქვთ, ვიდრე სხვა სასმელების მომხმარებლებს.
კვლევაში 2 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. თავდაპირველად მათ უპასუხეს კითხვებს ჯანმრთელობის მდგომარეობის, დაავადებების, მედიკამენტების, კვების, ფიზიკური აქტივობისა და ცხოვრების წესის შესახებ, მათ შორის მიუთითეს, რამდენ ყავას სვამდნენ ყოველდღიურად. შემდეგ, ორი თვის განმავლობაში, მონაწილეები კვირაში ორჯერ აბარებდნენ ანალიზებს და იმავე კითხვებს ხელახლა პასუხობდნენ.
მეცნიერებმა ყავის მომხმარებლებში უფრო მაღალი კუნთოვანი მასა და ნაკლები ცხიმი, განსაკუთრებით კი ნაკლები ვისცერული ცხიმი აღმოაჩინეს. ვისცერული ცხიმი მუცლის ღრუში, შინაგანი ორგანოების გარშემო გროვდება და მისი ჭარბი რაოდენობა ჯანმრთელობისთვის არასასურველია, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ზრდის.
კვლევის ავტორების ვარაუდით, ყავის შესაძლო ეფექტი ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებასა და ჰორმონულ ცვლილებებზე ზემოქმედებას შეიძლება უკავშირდებოდეს. ამის გამო ყავის მომხმარებლებს შესაძლოა სხეულის წონისა და შემადგენლობის შენარჩუნება შედარებით გაუადვილდეთ.
მეცნიერები კვლევის გაგრძელებას გეგმავენ. მათ სურთ დაადგინონ, აქვს თუ არა ყავის რეგულარულ მოხმარებას სხვა შესაძლო დადებითი ეფექტებიც, მათ შორის შეიძლება თუ არა ის დიაბეტის განვითარების რისკთან იყოს დაკავშირებული.