2026 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტმა პრივატიზაციასა და სახელმწიფო აქტივებთან დაკავშირებული შემოსავლებიდან დაახლოებით 115 მილიონი ლარი მიიღო.

ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შესრულების მონაცემების მიხედვით, მიღებული თანხა ცხრა თვის გეგმის დაახლოებით 81%-ს შეადგენს.

შემოსავლების უდიდესი ნაწილი, 82.4 მილიონი ლარი, ძირითადი აქტივების რეალიზაციაზე მოდის. ეს ცხრა თვის დაგეგმილი მაჩვენებლის დაახლოებით 75%-ია.

სახელმწიფო მიწის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც შესაბამისი გეგმის 37.7%-ია.

კიდევ 27.1 მილიონი ლარი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების რეალიზაციიდან, მათ შორის 5G სიხშირეებთან დაკავშირებული გადასახდელებიდან შევიდა. ამ მიმართულებით შესრულებამ დაგეგმილი მაჩვენებლის 159%-ს მიაღწია.

ჯამურად, 2026 წლის იანვარ–ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტის ყველა ტიპის შემოსულობამ 18.12 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 58.9%-ია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები დაახლოებით 2.45 მილიარდი ლარით, ანუ 15.6%-ით გაიზარდა.

ამ მონაცემებში ჯერ არ შედის აგვისტოში დასრულებული თავისუფლების მოედანზე მდებარე სახელმწიფო ქონების აუქციონი, სადაც 14.1 მილიონი ლარის საწყისი ფასის მქონე ობიექტი საბოლოოდ 34.8 მილიონ ლარად გაიყიდა.