მასობრივი ტურიზმი ევროპის ბევრ პოპულარულ მიმართულებას სულ უფრო მეტ პრობლემას უქმნის. გადატვირთული სანაპიროები და ქალაქის ცენტრები, ქირის ფასების ზრდა, ასევე ბუნებასა და ინფრასტრუქტურაზე გაზრდილი დატვირთვა ტურისტულ ცენტრებს საპასუხო ზომების მიღებისკენ უბიძგებს. თუმცა, მაშინ როცა ვენეცია და ბარსელონა ტურისტულ მოსაკრებლებს აწესებენ, ესპანეთის კანარის კუნძულებმა განსხვავებული გზა აირჩიეს.
ზაფხულის ბოლომდე კუნძულებზე ტურისტების ნებაყოფლობითი შემოწირულობების სისტემა ამოქმედდება. თანხის გადარიცხვა შესაძლებელი იქნება ინტერნეტით, ტურის, ავიაბილეთის ან სხვა სამგზავრო მომსახურების დაჯავშნისას. შემოწირულობის მინიმალური ოდენობა განსაზღვრული არ იქნება.
ახალი სისტემა, სახელწოდებით RegNext, კანარის არქიპელაგის ყველა კუნძულზე დაინერგება, მათ შორის ტენერიფეზე, გრან-კანარიაზე, ლანსაროტესა და ფუერტევენტურაზე.
შემოწირული თანხა ბუნებრივი ტერიტორიების აღდგენას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, მავნე გამონაბოლქვის შემცირებასა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას მოხმარდება. პროგრამა ასევე დააფინანსებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, ეკოლოგიური სამუშაო ადგილების შექმნასა და სოციალურ ინიციატივებს.
კანარის კუნძულების ხელისუფლება აცხადებს, რომ თანხების მოძრაობა და მათი გამოყენება სრულად გამჭვირვალე იქნება.
კანარის კუნძულები ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. 2025 წელს ესპანეთის არქიპელაგს დაახლოებით 18.4 მილიონი ადამიანი ეწვია. ამასთან, ადგილობრივ მოსახლეობაში მასობრივი ტურიზმით გამოწვეული უკმაყოფილება ბოლო წლებში იზრდება.
კუნძულებზე რეგულარულად იმართება საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებიც ბუნების უკეთ დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი საცხოვრებლის შენარჩუნებას ითხოვენ.