აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ Meta-სა და სხვა სოციალური ქსელების წინააღმდეგ წარმოებული ათასობით საქმის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. აღნიშნული სარჩელები ახალგაზრდებში კომპანიების პლატფორმების მიერ სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობას ეხება.

კალიფორნიაში მდებარე აშშ-ის მეცხრე ოლქის სააპელაციო სასამართლოს საქმეების შეჩერების მოთხოვნით Meta-ს, Snap-ისა და TikTok-ის, YouTube-ისა და Roblox-ის მფლობელმა კომპანიებმა მიმართეს. კომპანიების წარმომადგენლები კომუნიკაციების შესახებ კანონის 230-ე მუხლზე მიუთითებდნენ, რომელიც, ძირითად შემთხვევებში, ონლაინპლატფორმებს მათ სერვისებზე მესამე პირების მიერ გამოქვეყნებულ კონტენტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობისგან იცავს.

თუმცა, როგორც სასამართლომ განმარტა, აღნიშნული მუხლი სასამართლოში საქმის წარმოებისგან სრულ იმუნიტეტს არ გულისხმობს და კომპანიებს მხოლოდ პასუხისმგებლობისგან დაცვის საშუალებას აძლევს. შესაბამისად, კომპანიებმა სასამართლოს საჩივრით მაშინ მიმართეს, როდესაც მას საქმის განხილვის უფლებამოსილება ჯერ არ ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ სოციალური მედიაკომპანიების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები ათასობით სარჩელს აერთიანებს, მათ შორის, ნაწილი შტატების პროკურორებისა და სასკოლო რაიონების მიერაა შეტანილი. ისინი კომპანიებს ახალგაზრდებში სოციალური მედიისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ პლატფორმების ალგორითმები მომხმარებლების მაქსიმალური ჩართულობის შესანარჩუნებლადაა შექმნილი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეებთან კავშირში, Meta-ს უკვე დაკისრებული აქვს $1 მილიარდამდე კომპენსაცია. მათ შორის, $567 მილიონის გადახდა ამერიკულ კომპანიას ნიუ-მექსიკოს შტატის სასამართლომ ბავშვებისთვის მისი პლატფორმების მიერ შექმნილი საფრთხეების შესახებ საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირების გამო გასულ კვირაში დააკისრა.

წყარო: forbes.ge