2024 წლის აგვისტოში ოქროს ფასი თვიურად 2.3%-ით გაიზარდა. ოქროს ფასის ახალი რეკორდული ნიშნულები უკვე ჩვეული მოვლენაა ბოლო თვეების განმავლობაში - აგვისტოში ფასმა პირველად გადააჭარბა ერთ უნციაზე $2,500-ის ღირებულებას.
აღსანიშნავია, რომ ამჯერად სიტუაცია ცოტა განსხვავებულია. მაშინ როცა, 20-თვიანი ზრდის მთავარი აქტორები ცენტრალური ბანკები და აზიელი ინვესტორები იყვნენ, ახლა უკვე დასავლელი ტრეიდერებიც შეუერთდნენ მომენტუმს. ოქროს ფასის ზრდა $2,300-დან $2,500-მდე, ძირითადად, ევროპელი და ამერიკელი ინვესტორების მიერ იყო ნაკარნახები, რომლებიც საკუთარ პორტფოლიოს დივერსიფიკაციას ძვირფასი მეტალით ცდილობდნენ, საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი კლების ფონზე.
დაბალი განაკვეთები ოქროს მეტად მიმზიდველს ხდის, ვინაიდან დაბალპროცენტიან სახაზინო ობლიგაციებთან უფრო კონკურენტული აქტივი ხდება. შესაბამისად, ინვესტორები ელოდნენ ცხად სიგნალს, რომ განაკვეთების შემცირება ახლოვდებოდა. გასულ თვეში მსგავსი სიგნალი ფედერალური რეზერვის მმართველის განცხადება გახდა, რომ „დრო დადგა“ საპროცენტო განაკვეთებმა კლება დაიწყოს.
Fed-ის შეხვედრა 17-18 სექტემბერს არის ჩანიშნული, ბაზარი კი 25 საბაზისო პუნქტიან შემცირებას ელის. მიუხედავად იმისა, რომ ფასი მუდმივად იზრდებოდა, წლის დასაწყისში ოქროს ETF-ებიდან თანხის გადინება ფიქსირდებოდა. ეს, თავის მხრივ, იმის შედეგია, რომ ინვესტორები ბირჟის აქტივებს ფიზიკურ ოქროში ინვესტირებას ამჯობინებდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, გადინების ტრენდი მიმდინარე წლის ივნისიდან შეიცვალა - ETF-ებში ზედიზედ მეორე თვეში დაფიქსირდა ინვესტიციების ზრდა. დამატებით, დივალის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად გაუმჯობესდა მოთხოვნა ინდოეთში.
სავარაუდოა, რომ ოქროს იმპორტი ინდოეთში ამ პერიოდში გაიზრდება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იმპორტის გადასახადზე შეღავათებია გამოცხადებული. წლის დასაწყისიდან ოქროს ფასი 21.3%-ით არის გაზრდილი. მოთხოვნის დინამიკისა და არსებული გეოპოლიტიკური რისკებიდან გამომდინარე, მისი ფასის ზრდა, სავარაუდოა, რომ კვლავ გაგრძელდება. UBS-ის მიხედვით, ოქროს ღირებულებამ $2,700-ს უნდა მიაღწიოს 2025 წლის შუისთვის.