გერმანიის მთავრობის დაშლის შემდეგ, პოლიტოლოგი შტეფან ბირლინგი საზოგადოებას იმ საფრთხის შესახებ აფრთხილებს, რომელიც „ფრაგმენტაციამ“, შესაძლოა, დემოკრატიას მიაყენოს. „ბავარიის რადიოსთან“ („Bayerischer Rundfunk“ – BR) საუბრისას, ამ საფრთხის მაგალითად, მან დაასახელა მთავრობების რთული ფორმირება ბელგიასა და აღმოსავლეთ გერმანიის ზოგიერთ მხარეში.

გერმანიის კოალიციული მთავრობის (სახელწოდებით „შუქნიშნი“) დაშლის შემდეგ, პოლიტოლოგმა შტეფან ბირლინგმა იმ საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც პარტიულმა და პოლიტიკურმა ფრაგმენტაციამ შეიძლება დემოკრატიულ სისტემას შეუქმნას. ბერლინგის თქმით, ქვეყნის ფედერალური მთავრობა, უკვე დიდი ხანია, „დასუსტებული და ქმედითუუნაროა“. შესაბამისად, საპარლამენტო მმართველობის სისტემა გერმანიაში, პარტიული ხაზით, სულ უფრო ფრაგმენტირებული ხდება.

„ახალი რეალობა“ გერმანიის პოლიტიკურ სისტემაში

ბერლინგის თქმით, გერმანიის პოლიტიკურ სისტემაში „ახალი რეალობა“ შეიქმნა. პოლიტოლოგმა მოიყვანა ბელგიის მაგალითი, რომელსაც მთავრობის ფორმირების გაჭიანურების ტრადიცია აქვს: 2011 წელს მთავრობის ფორმირებას იქ 541 დღე დასჭირდა, 2020 წელს კი შვიდი პარტია მხოლოდ 493 დღის შემდეგ შეთანხმდა კოალიციის შექმნაზე. ბერლინგის თქმით, ამის მიზეზია ის, რომ პოლიტიკა ქმედითუუნარო ხდება, რაც, თავის მხრივ, დემოკრატიის მტრებს აძლევს ხელს.

ბერლინგმა მაგალითად აღმოსავლეთ გერმანიაში მთავრობების ჩამოყალიბების სირთულეებიც დაასახელა - სულ ახლახან, საქსონიაში კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშალა.

წარუმატებელი კრიზისული კონსულტაცები ბერლინში

ბერლინში განვითარებულ დრამატულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა კატია გლოგერმა განაცხადა, რომ ფედერალურ დონეზე უმცირესობის მთავრობის ჩამოყალიბება ვერ წარმოუდგენია. გლოგერმა, რომელმაც თავისი პროფესიული კარიერის განმავლობაში მუშაობდა როგორც მოსკოვში, ასევე ვაშინგტონში, ყველა მხარეს ეროვნულ პოლიტიკაზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ტრამპის არჩევის შემდეგ, მისაღები იქნება უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, როგორიცაა, მაგალითად, უკრაინის საკითხის გადაწყვეტა.

რა ელის უკრაინას მომავალში?

უკრაინის ომი მიუნხენში მრგვალი მაგიდის ერთ-ერთ წამყვან თემაც იქცა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის გენერალურმა დირექტორმა, ბენედიქტ ფრანკემ მოითხოვა, გერმანიის მთავრობამ არ უნდა დაუშვას, რომ ტრამპმა უკრაინას უღალატოს. არსებობს შიში, რომ ტრამპმა, შესაძლოა, დასავლეთ ევროპის კურსს რადიკალურად გადაუხვიოს და უკრაინის შემდგომ სამხედრო მხარდაჭერაზე უარი თქვას.

ცოტა ხნის წინ, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა („სოციალ-დემოკრატიული პარტია“), კოალიციურ მთავრობაში წარუმატებელი კრიზისული კონსულტაციების შემდეგ, ფედერალური ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერი თანამდებობიდან გაათავისუფლა და, ნდობის მანდატის მისაღებად, იანვარში კენჭისყრის ჩატარება მოითხოვა.