„მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტომ ხელშეკრულება 59 ბენეფიციარს გაუფორმდა. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 8.8 მლნ ლარზე მეტი, საიდანაც  სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 4.5 მლნ  ლარს აჭარბებს, - ამის შესახებ "კომერსანტს" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში, 21 ბენეფიციარის ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 2.6 მლნ ლარზე მეტი, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება 1.4  მლნ  ლარს აღემატება.

„მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მევენახეების და მეღვინეების მხარდამჭერ არაერთ პროექტს ვახორციელებთ. ლეჩხუმი არის ერთ-ერთი გამორჩეული კუთხე მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით. წელს, რთველი აქაც წარმატებით ჩატარდა, 1000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. მაღალმთიან რეგიონებში ჩვენ ვახორციელებთ პროგრამას სამეწარმეო საქმიანობის განვითარების, მათ შორის მარნების შექმნის ხელშეწყობისთვის. პროექტი შესაძლებლობას აძლევს  მევენახეებს რაჭასა და ქვემო სვანეთში შექმნან მარნები, საკუთარი ყურძენი თავად გადაამუშაონ და წარმოებული ღვინის რეალიზაციით, მეტი შემოსავლები მიიღონ“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.