საქართველოს მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ახალი წესები დაამტკიცა. დადგენილება არეგულირებს ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვას, სწავლის პროცესსა და სტუდენტის სტატუსის მართვას.

დადგენილების ძირითადი ნაწილი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა და 2026 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდება. ენის ცოდნის სავალდებულო გამოცდისა და სერტიფიცირების მოთხოვნები კი 2027-2028 სასწავლო წლიდან შევა ძალაში.

ახალი წესის მიხედვით, უცხოელმა აპლიკანტმა უნივერსიტეტში უნდა წარადგინოს შესაბამისი ენის ცოდნის საერთაშორისო სერტიფიკატი ან ჩააბაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდა. ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე კანდიდატს სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

დადგენილია ენის ფლობის მინიმალური დონეებიც:

  • B1 — საბაკალავრო, ვეტერინარიის, დიპლომირებული მედიკოსისა და სტომატოლოგიის პროგრამებზე;

  • B2 — სამაგისტრო პროგრამებზე.

საერთაშორისო სერტიფიკატი მოქმედი უნდა იყოს. თუ დოკუმენტში ვადის გასვლის თარიღი მითითებული არ არის, მისი გაცემიდან სამ წელზე მეტი არ უნდა იყოს გასული.

უცხოელი მოქალაქის სწავლის უფლების მოსაპოვებლად შესაბამისი განცხადებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს თავად აპლიკანტმა ან უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა მიმართოს.

ცენტრის დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ უნივერსიტეტის რექტორს სტუდენტის ჩარიცხვა წელიწადში ორ პერიოდში შეეძლება — 1 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით ან 15 აგვისტოდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.

დადგენილება ასევე აკადემიურ მოსწრებასა და უცხოელი სტუდენტის საქართველოში ყოფნის უფლებას ერთმანეთთან აკავშირებს.

თუ სტუდენტი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში მისთვის განსაზღვრული კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის მესამედზე მეტს ვერ დააგროვებს, უნივერსიტეტი ვალდებული იქნება მას სტუდენტის სტატუსი შეუჩეროს.

სტატუსის შეჩერებიდან 90 დღის გასვლის შემთხვევაში, ასევე სწავლის შეწყვეტის ან დასრულებისას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შეეძლება სტუდენტისთვის გაცემული D6 საიმიგრაციო ვიზის ან ბინადრობის ნებართვის გაუქმება.

სტუდენტისთვის სტატუსის საბოლოოდ შეწყვეტა უნივერსიტეტს იმ შემთხვევაშიც შეეძლება, თუ მას საქართველოში ყოფნის ვადა გაუუქმდა ან მის ქვეყნიდან გაძევებაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

გარდა ამისა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სტუდენტებთან დაკავშირებული მონაცემების უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვას შესაბამისი სტატუსის წარმოშობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა უზრუნველყოფდნენ. ამ მოთხოვნის დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.