ლიეტუვაში, 15 წლის შემდეგ, კვლავ ამოქმედდება კანონი ეროვნული უმცირესობების შესახებ, რომელიც ქვეყნის პარლამენტმა (სეიმმა) ხუთშაბათს, 7 ნოემბერს დაამტკიცა.

კანონპროექტს 67-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოთხმა თავი შეიკავა, წინააღმდეგი არავინ იყო.

ეროვნული უმცირესობების შესახებ კანონი ლიეტუვას აღარ აქვს 2010 წლიდან, როდესაც მაშინდელი კანონის მოქმედების ვადა ამოიწურა. მას შემდეგ ახალი კანონის მიღების ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

სეიმის მიერ 6 ნოემბერს მოწონებული კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. ის ძალაში იანვარში შევა, თუ პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მოაწერს ხელს.

კენჭისყრის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ კანონის ძალაში შესვლის გადავადებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პოლონეთთან ორმხრივ ურთიერთობებს.

„არ გამოვრიცხავ, რომ შეფერხებამ პრობლემები შექმნას“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს და დასძინა, რომ კანონის ბედით პოლონეთი „ყველა დონეზეა“ დაინტერესებული.

კანონი განსაზღვრავს ეროვნული უმცირესობის ცნებას და ადგენს ეროვნული უმცირესობებისთვის განკუთვნილ განათლების, კულტურისა და ინფორმაციის გავრცელების სამართლებრივ ჩარჩოს, პირობებსა და პროცედურებს.

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა ახალი კანონპროექტი გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ ეს დოკუმენტი ეროვნული უმცირესობების ძირითად პრობლემებს ვერ მოაგვარებს და მათ მდგომარეობას ვერ შეცვლის.

თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრი, ეველინა დობროვოლსკა აცხადებს, რომ კანონი ქმნის შესაძლებლობას, გაივლოს ზღვარი მიგრაციის პოლიტიკასა და ლიეტუვას მოქალაქეობის მქონე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შორის.

მისი განმარტებით, კანონი უზრუნველყოფს ეროვნული თემების წარმომადგენლების უფლებებს, მაგრამ არ არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ორენოვანი წარწერები ან სახელების მართლწერა.

მეტი უფლება უმცირესობებისთვის

კანონის მიხედვით, ეროვნულ უმცირესობას მიეკუთვნება ლიეტუვას ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქე, რომელსაც ლიეტუველებისგან განსხვავებული ეროვნული იდენტობა აქვს და მის შენარჩუნებას ცდილობს.

ეროვნული იდენტობა განისაზღვრება, როგორც პიროვნების მიერ თავისუფლად არჩეული იდენტიფიცირება მისი მშობლების და პაპა-ბებიის ეროვნებასთან, რომელიც ეფუძნება ამ ეროვნებისთვის დამახასიათებელი ნიშნების ერთობლიობას - კულტურას, ენას, ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს - ან თუნდაც ერთ-ერთი ასეთ ნიშანს.

კანონი უზრუნველყოფს, რომ არავინ იყოს იძულებული, ამტკიცოს ეროვნულ უმცირესობასთან თავისი კუთვნილება, საჯაროდ გაამჟღავნოს თავისი ეროვნული იდენტობა ან უარი თქვას ეროვნული უმცირესობისადამი თავის კუთვნილებაზე.

ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილება იძლევა მისი ენის თავისუფლად გამოყენების უფლებას. კანონი ასევე ითვალისწინებს ეროვნული უმცირესობის წევრის უფლებას, მიიღოს განათლება საკუთარ ენაზე.

კანონის თანახმად, სამთავრობო უწყებები და ორგანოები უზრუნველყოფენ ეროვნული უმცირესობების ენების მასწავლებლების მომზადების პირობებს, ამ ენების სწავლების სახელმძღვანელოებისა და სხვა საშუალებების შეძენას, ასევე ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლების უფლებას, შექმნან არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებები.

კანონში ნათქვამია, რომ ეროვნულ უმცირესობას მიკუთვნებულ პირებს უფლება აქვთ, შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები და ენა, შექმნან ორგანიზაციები და პარტიები, ჰქონდეთ საკუთარი მედია და გამოიყენონ ისინი მშობლიურ ენაზე ინფორმაციის გასავრცელებლად.

კანონის მიხედვით, ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა უფლებას, გადაწყვიტონ კულტურული, სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სხვა საკითხები, უზრუნველყოფს ეროვნული თემების საბჭო, რომელიც შესაბამის წინადადებებს სახელმწიფო და მუნიციპალურ დაწესებულებებსა და ორგანოებს წარუდგენს.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს „ისტორიული ეროვნული უმცირესობების“ სტატუსს, რომელიც გადაშენების პირას მყოფ ეროვნულ უმცირესობებს მიენიჭებათ. ასეთი სტატუსის მიღების აუცილებელი პირობაა, რომ მის მატარებელ უმცირესობებს არ უნდა გააჩნიათ ისტორიული სამშობლო, რომელთანაც საკუთარი თავის იდენტიფიცირება შეეძლებათ.

ამ სტატუსის მატარებელი ეროვნული უმცირესობების კულტურის, ტრადიციების, წეს-ჩვეულებებისა და ენის შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა ცენტრალურ და მუნიციპალური ხელისუფლებას ეკისრება.

წყარო: 1tv.ge