აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის „პატარა კაცი“ უწოდა
„გაჩუმდი, პატარა კაცო. შენ ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს იხდი და Starlink-ის ჩამნაცვლებელი არ არსებობს“ – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელში.
ამ კომენტარით მასკი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც წერდა, რომ უკრაინას შესაძლოა, ილონ მასკის Starlink-ის სატელიტური სერვისის ალტერნატივა დასჭირდეს.
„უკრაინისთვის Starlink-ის მიწოდებას პოლონეთის გაციფრულების სამინისტრო აფინანსებს, წლიურად დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ღირებულებით. აგრესიის მსხვერპლის მუქარის ეთიკის საკითხის გარდა, თუ SpaceX არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, იძულებული ვიქნებით, სხვა პროვაიდერი მოვძებნოთ“, – დაწერა სიკორსკიმ.
სიკორსკი ამ განცხადებით ილონ მასკს გამოეხმაურა, რომელიც აღნიშნავდა, რომ Starlink-ის სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია.
შარშან უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ქვეყანაში Starlink-ის დაახლოებით 42 000 ტერმინალი მუშაობს. მათგან დაახლოებით ნახევარს პოლონეთი აფინანსებს, რაც უკრაინის სამხედრო ძალებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს.
ოფიციალური კიევი ირწმუნება, რომ უკრაინას Starlink სატელიტური ინტერნეტ სისტემის აქვს.
შეგახსენებთ, „როიტერის“ ინფორმაციით, წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმების იძულებისთვის აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს. აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.
„როიტერის“ ცნობით, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს. აშშ-ის მომლაპარაკებლები ზეწოლას ახდენენ კიევზე, რომ წვდომა მიიღონ კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეულზე. როგორც სააგენტო წერს, ილონ მასკის კუთვნილი „სტარლინკის“ ინტერნეტის საკითხი მოლაპარაკებებში მას შემდეგ დაისვა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა თავდაპირველ შეთავაზებაზე, რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარატამენტის მდივანმა, სკოტ ბესენტმა წარუდგინა.
ცნობისთვის, უკრაინისთვის „სტარლინკის” საფასურს პოლონეთი იხდის და ამას მომავალშიც გააგრძელებს. როგორც პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, კშიშტოფ გავკოვსკიმ განაცხადა, „სტარლინკი“ უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ინტერნეტკავშირს ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინასა და მის სამხედროებთან.
პოლონეთმა 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინას „სტარლინკის“ 20,000 მოწყობილობა მიაწოდა და აფინანსებს მათ ტექნიკურ მომსახურებას ინტერნეტკავშირის მხარდასაჭერად.