აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი სიცრუეს უწოდებს „როიტერის“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმების იძულებისთვის აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს.

„ეს სიცრუეა. „როიტერი” იტყუება. „ესოშიეითიდ პრესის“ (ასოცირებული პროპაგანდის) შემდეგ მეორე ადგილზე არიან, დიდი ხნის განმავლობაში ტყუილი ახალი ამბების გავრცელების კუთხით“, – წერს ილონ მასკი.

„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს. აშშ-ის მომლაპარაკებლები ზეწოლას ახდენენ კიევზე, რომ წვდომა მიიღონ კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეულზე. როგორც სააგენტო წერს, ილონ მასკის კუთვნილი „სტარლინკის“ ინტერნეტის საკითხი მოლაპარაკებებში მას შემდეგ დაისვა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა თავდაპირველ შეთავაზებაზე, რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარატამენტის მდივანმა, სკოტ ბესენტმა წარუდგინა.

შეგახსენებთ, უკრაინისთვის „სტარლინკის” საფასურს პოლონეთი იხდის და ამას მომავალშიც გააგრძელებს. როგორც პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, კშიშტოფ გავკოვსკიმ განაცხადა, „სტარლინკი“ უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ინტერნეტკავშირს ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინასა და მის სამხედროებთან.

პოლონეთმა 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინას „სტარლინკის“ 20,000 მოწყობილობა მიაწოდა და აფინანსებს მათ ტექნიკურ მომსახურებას ინტერნეტკავშირის მხარდასაჭერად.

წყარო: 1 არხი