პოლონეთი იხდის უკრაინისთვის „სტარლინკის” საფასურს და გააგრძელებს ამის გაკეთებას, – ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, კშიშტოფ გავკოვსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, „სტარლინკი“ უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ინტერნეტკავშირს ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინასა და მის სამხედროებთან.
„ჩვენ ვიხდით და გავაგრძელებთ ინტერნეტის გამოწერის საფასურის გადახდას უკრაინისთვის. ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმემ შეიძლება გადაწყვიტოს კომერციული მომსახურების ბიზნესხელშეკრულების შეწყვეტა, რომლის მხარეც პოლონეთია“, – განაცხადა გავკოვსკიმ.
პოლონეთმა 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინას „სტარლინკის“ 20,000 მოწყობილობა მიაწოდა და აფინანსებს მათ ტექნიკურ მომსახურებას ინტერნეტკავშირის მხარდასაჭერად.
შეგახსენებთ, „როიტერის” მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, სატელიტურ „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს.