საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთს უმასპინძლა. უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ალბანელთა გამარჯვებით დასრულდა – 1:0.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოედანზე შემტევი შემადგენლობა გაიყვანა. ფრანგმა სპეციალისტმა არამხოლოდ დისკვალიფიცირებული გიორგი ქოჩორაშვილი შეცვალა, არამედ წინა მატჩებთან შედარებით სათამაშო სქემაც გადააწყო.

ძირითად შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილი გამოჩნდა. მთავარი ცვლილება კი ის იყო, რომ ალბანელებს 4 მცველითა და 2 თავდამსხმელით ვეთამაშეთ, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი მიქაუტაძე შეტევის დუეტში ერთად პირველად ვიხილეთ.

მატჩის დაწყებამდე ქართველი გულშემატკივრები ალბანეთის ეროვნულ ჰიმნს ტაშით შეხვდნენ. შეგახსენებთ, რომ ტირანაში გამართული შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს ჰიმნის დროს ტრიბუნაზე სტვენა ისმოდა.

პირველი რეალური შანსი ჩვენმა ნაკრებმა მე-5 წუთზე შექმნა, გოლის გატანა ბუდუ ზივზივაძეს შეეძლო. მომენტები ჰქონდათ გიორგი მიქატაუძესა და ზურიკო დავითაშვილსაც. აქტიურობდა ალბანეთის ნაკრებიც, თუმცა გიორგი მამარდაშვილი საიმოდოდ თამაშობდა და რამდენჯერმე თავისი გუნდი გადაარჩინა.

მეორე ნახევარი საქართველოსთვის ცუდად დაიწყო – 48-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე ნედიმ ბაირამი ოთარ კაკაბაძეს გასცდა და საჯარიმოში ინდრიტ ტუჩი მოძებნა, რომლის გადაცემითაც კრისტიან ასლანმა ზუსტი და ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1.

საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია. 70-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილის გადაცემის შემდეგ გოლის გატანის შანსი გიორგი მიქაუტაძემ მიიღო, თუმცა ალბანელთა მეკარემ დამაჯერებლად ითამაშა. რამდენჯერმე სცადა გატანა კვარაცხელიამ, თუმცა უშედეგოდ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩის ბოლო წუთებში მუდმივად უტევდა, მაგრამ დიდი ძალებით უკან მყოფი ალბანეთის დაცვის გადალახვა უჭირდა და ერთა ლიგის მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე პირველად დამარცხდა.

4 მატჩის შემდეგ ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს, ჩეხეთისა და ალბანეთის მსგავსად, 6 ქულა აქვს და ჯგუფში ჯერ პირველ ადგილზეა. უკრაინისა და ჩეხეთის ეროვნული ნაკრებები თავის შეხვედრას დღეს მოგვიანებით ჩაატარებენ. საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე მორიგი მატჩი 16 ნოემბერს ბათუმში უკრაინასთან ელის.

პირველი არხი