„რაც უფრო მეტი კორპუსია ქალაქში, ბუნებრივია, უფრო მეტი ავტომობილია. ქალაქი უნდა გაიშალოს“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“, მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს" დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისში საცობების გამომწვევი მთავარი მიზეზი მჭიდრო განაშენიანება და ცენტრში მაღალსართულიანი კორპუსების აქტიური მშენებლობაა.
„მიუხედავად თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკისა, რომ შემცირდეს ავტომობილების და საპარკინგე სივრცეების რაოდენობა, მანქანების რაოდენობა იზრდება და მგონი ბოლო ერთ წელიწადში თუ წელიწად-ნახევარში დედაქალაქს 70 000 ავტომობილი დაემატა.
ამის გამომწვევი ბევრი მიზეზია, რომელთაგან მთავარი მასიური განაშენიანებაა. თბილისი მჭიდროდ არის განაშენიანებული. ცენტრში შენდება მაღალსართულიანი შენობები და არ ხდება ქალაქის გაშლა“,- აღნიშნა გიორგი ჯაფარიძემ.
როგორც მან განაცხადა, აუცილებელია თბილისიდან მომიჯნავე ქალაქებში შეიქმნას სარკინიგზო ხაზები, რათა ადამიანებმა ბევრად მარტივად და სწრაფად შეძლონ მგზავრობა, ისე, რომ სხვა ტრანსპორტის გამოყენება აღარ დასჭირდეთ.
„თბილისში სამუშაოდ ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის როგორც რუსთავიდან, ისე მცხეთიდან, იქმნება მოძრაობის პრობლემა. ამიტომ ჩვენი პოზიცია იყო და არის ის, რომ უნდა შეიქმნას ეკოლოგიური უბნები და მარტივი გახდეს საქალაქთაშორისო მგზავრობა. მაგალითად დედაქალაქიდან მცხეთის ან რუსთავის მიმართულებით, სადაც რკინიგზის მეშვეობით ძალიან მარტივად შეიძლება დაკავშირება მოხდეს და არ იყოს საჭირო სხვა ტრანსპორტი.
მშენებლობები, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს, ოღონდ არა ასეთი მიმართულებით, რადგან იქმნება საცობები და ქალაქს ვკარგავთ არა მარტო საცობების კუთხით, არამედ რაღაც დროის შემდეგ, ფიზიკურად შეუძლებელი იქნება აქ ცხოვრება.
რაც უფრო მეტი კორპუსია ქალაქში, ბუნებრივია, უფრო მეტი ავტომობილია. ქალაქი უნდა გაიშალოს. არის საკმაოდ დიდი სივრცეები თბილისის შემოგარენში. ეკოლოგიური პირობების გამო, ყველა, ვისაც მეტი ფული აქვს ქალაქიდან გადის, იშენებენ კერძო სახლებს საგურამოში და სხვადასხვა ადგილებში. ამიტომ ამის გაკეთება შესაძლებელი და მნიშვნელოვანია“,- განმარტა გიორგი ჯაფარიძემ.
მან ავარიული სახლების პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათი ჩანაცვლება დაბალი კორპუსებით უნდა მოხდეს და ამ პროცესით ინვესტორების დაინტერესბაზე თბილისის მერიამ უნდა იმუშაოს.
„მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ავარიული სახლები. თბილისში 10 000 ავარიული სახლია და გასაგებია, რომ მერიას აქვს პროექტი, რომ მათი ჩანაცვლება უნდა მოხდეს, მაგრამ წარმოუდგენელია ქალაქის ბიუჯეტით ყველა ეს სახლი თბილისის მერიამ ჩაანაცვლოს. მერიამ ინვესტორები უნდა დააინტერესოს, რათა მოხდეს მათი ჩანაცვლება არა მაღალსართულიანი კორპუსებით, არამედ დაბალი განაშენიანება გაკეთდეს. ინვესტორებიც ხეირს ნახავენ და იქ მცხოვრები ხალხიც გადარჩება“,- აღნიშნა გიორგი ჯაფარიძემ.