ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც უმცროსი ექიმებისთვის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლების მიცემას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით განიხილა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


კანონპროექტის ზოგადი პრინციპების შესახებ კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ ისაუბრა და კომიტეტის წევრებს კანონპროექტის მიღების მიზეზებსა და მიზნებზე მიაწოდა ინფორმაცია.


კანონპროექტის თანახმად, პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება რეზიდენტურის ტოლფასი სტაჟის მქონე არა მხოლოდ იმ უმცროს ექიმებს მიეცემათ, ვისაც მუშაობა დაწყებული ჰქონდა 2015 წლის 1 ოქტომბრამდე. ცვლილების მიხედვით, თარიღი 2025 წლის 1 ოქტომბრამდე გადაიწევს.


„წარმოდგენილი ცვლილება ხელს შეუწყობს დღეს დასაქმებულ და რეზიდენტურის ტოლფასი სტაჟის მქონე უმცროს ექიმებს. მათ მიეცემათ უფლება ჩააბარონ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა, რათა მიიღონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ. მისი თქმით, კანონის მიღების აუცილებლობა ქვეყანაში არსებული ექიმ-სპეციალისტების დეფიციტისა და რეზიდენტურის ადგილების შეზღუდული რაოდენობის არსებობამ განაპირობა.


დღეისათვის, 100-მდე სტაციონარული დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სულ იდენტიფიცირებულია 1249 დასაქმებული უმცროსი ექიმი, რომელთაგან 3 წელი და მეტი სამუშაო სტაჟი 605-ს აქვს.


კანონპროექტის ინიციატორთა შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილების განხორციელება მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისების მიწოდების უწყვეტობასა და გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს. განხორციელებული ცვლილების შედეგად კი მეტ მუნიციპალიტეტში დასაქმდებიან დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე ექიმები.


კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე და ვლადიმერ კახაძე.


კომიტეტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.


კომიტეტმა ამავე სხდომაზე სსიპ საპენსიო სააგენტოს 2023 წლის ანგარიში მოისმინა, რომელიც საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ წარადგინა.


კომიტეტმა ანგარიში ცნობად მიიღო.