ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში 48 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, მათ შორის 34,5 ათასი ტონა მაღალკონდიციური ყურძენია.

სააგენოს ცნობით, გადამუშავებული მოსავლიდან 29 ათასი ტონა საფერავია, 12,4 ათასი ტონა — რქაწითელი, ხოლო დარჩენილი რაოდენობა სხვადასხვა ჯიშის ყურძენზე მოდის.

მევენახეებისგან ყურძენს სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 21 ლოკაციაზე იბარებს. პარალელურად, მოსავლის მიღების პროცესში აქტიურად არის ჩართული ღვინის კერძო სექტორიც.

რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ ეტაპზე დაახლოებით 500 ღვინის კომპანიაა რეგისტრირებული. კომპანიები ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ერთვებიან. მოსავლის დაბინავება კახეთის მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც, ღვინის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, „მოსავლის მართვის კომპანია“ ფიზიკური პირებისგან ყურძენს დადგენილი პირობებით ჩაიბარებს.

კომპანია კონდიციურ საფერავში, რომლის შაქრიანობაც არანაკლებ 20%-ია, მევენახეებს კილოგრამში 1,50 ლარს გადაუხდის. 16%-დან 20%-მდე შაქრიანობის საფერავის ფასი 1 ლარია, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში — 50 თეთრი.

რქაწითელისა და კანონით ნებადართული სხვა საღვინე ჯიშების შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 19%-ის მქონე ყურძნის ფასი კილოგრამზე 1,30 ლარია. 16%-დან 19%-მდე შაქრიანობის ყურძენში 90 თეთრი, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში — 50 თეთრი იქნება გადახდილი.