საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) Bain Capital Investors-ის მიერ Volkswagen Group-ის შვილობილ კომპანია Everllence SE-ში 51%-იანი წილის არაპირდაპირ შეძენას თანხმობა მისცა.
გარიგება საერთაშორისო ხასიათისაა, თუმცა მისი მონაწილე კომპანიების საქმიანობას საქართველოს ბაზართანაც აქვს კავშირი. სწორედ ამიტომ ტრანზაქცია GCCA-ს კონკურენციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ კონტროლს დაექვემდებარა. სააგენტომ შეაფასა, შეიძლებოდა თუ არა გარიგებას საქართველოში კონკურენტულ გარემოზე გავლენა ჰქონოდა და დაასკვნა, რომ ასეთი რისკი არ იკვეთება.
GCCA-ის შეფასებით, Bain Capital-სა და Everllence-ს შორის საქმიანობის ჰორიზონტალური გადაკვეთა არ არსებობს, შესაბამისად, გარიგება ბაზარზე კონკურენციის დონეს არ ცვლის. სააგენტოს განცხადებით, არც იმის რისკი იკვეთება, რომ გარიგების შედეგად კომპანიებმა ერთი ბაზრიდან მიღებული ძლიერი პოზიცია სხვა ბაზარზე კონკურენტების შეზღუდვისთვის გამოიყენონ.
ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ბაზარზე კონკურენტებისთვის, მომხმარებლებისა და მიმწოდებლებისთვის წვდომის შეზღუდვა მოსალოდნელი არ არის.
Bain Capital Investors ამერიკული საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც კერძო კაპიტალის, ვენჩურული ინვესტიციების, საკრედიტო და უძრავი ქონების მიმართულებებით მუშაობს. კომპანია სხვადასხვა ინდუსტრიაში ახორციელებს ინვესტიციებს და ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებს მართავს.
Everllence SE კი Volkswagen Group-ის შვილობილი გერმანული საინჟინრო კომპანიაა. მისი საქმიანობა სამრეწველო და ენერგეტიკულ სექტორებს მოიცავს. კომპანია აწარმოებს საზღვაო და სტაციონარულ ძრავებს, კომპრესორებსა და ტურბინებს და მძიმე მრეწველობის დეკარბონიზაციის ტექნოლოგიებზე მუშაობს.
გარიგების ფარგლებში Bain Capital Everllence-ის საკონტროლო წილს მიიღებს, ხოლო Volkswagen Group კომპანიაში 49%-იან წილს შეინარჩუნებს.
საქართველოს კანონმდებლობით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებული გარიგებაც შეიძლება დაექვემდებაროს GCCA-ს წინასწარ კონტროლს, თუ მას საქართველოს ბაზარზე გავლენა აქვს და კანონით განსაზღვრულ პირობებს აკმაყოფილებს.
ცნობისთვის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ალტერნატიული აქტივების მმართველი ფირმა, Bain Capital ინვესტირებას ახდენს მრავალ ტრანსნაციონალურ კომპანიაში, რომელთა პროდუქცია, სერვისები ან შვილობილი ბრენდები ოპერირებენ საქართველოს ბაზარზეც, მაგალითად, Burger King და Domino’s Pizza, Dunkin’, Samsonite და ა.შ.