აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს ვაშინგტონში მასპინძლობს. ჩინეთის ლიდერი აშშ-ში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა, რომლის მთავარი თემები ვაჭრობა, ტექნოლოგიები, ტაივანის საკითხი და ირანთან დაკავშირებული ურთიერთობები იქნება.

სი ძინპინს ტრამპი პირადად დახვდა მერილენდის შტატში, ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე. ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ და ჩინეთი „პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები“ და ქვეყნებს შორის ურთიერთობების უფრო სტაბილური განვითარების იმედი გამოთქვა.

ვიზიტის დაწყებამდე ვაშინგტონი და პეკინი სავაჭრო ზავის გახანგრძლივებაზეც შეთანხმდნენ. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის, განცხადებით, შეთანხმება, რომელიც 10 ნოემბერს იწურებოდა, 2027 წლის 10 იანვრამდე გაგრძელდება. დამატებითი ვადა მხარეებს უფრო ფართო სავაჭრო შეთანხმებაზე მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.

აშშ-ისა და ჩინეთის სავაჭრო ზავი ორ ქვეყანას შორის ტარიფების გამწვავების შედეგად დაწყებული დაპირისპირების დროებით შეჩერებას ითვალისწინებს.

ამასთან, ვაშინგტონსა და პეკინს შორის კვლავ რჩება უთანხმოებები იშვიათ მიწიერ ლითონებზე, ტექნოლოგიების ექსპორტის შეზღუდვებზე, ტაივანისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე.

აშშ-ში შეხვედრებზე, მხარეები ასევე განიხილავენ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რისკების შესახებ საკომუნიკაციო მექანიზმის შექმნას. ვაშინგტონი, ასევე, ჩინეთისგან ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და Boeing-ის თვითმფრინავების შესყიდვებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას ელოდება.

ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრისგან ფართომასშტაბიანი შეთანხმებების მიღწევა ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის, თუმცა სავაჭრო ზავის გაგრძელება ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებისთვის დამატებით დროს ქმნის.

ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტს თეთრ სახლში დღეს უმასპინძლებს, დაგეგმილია ოფიციალური დახვედრის ცერემონია, სამხედრო აღლუმი და შემდეგ ლიდერების დახურული შეხვედრა. საღამოს კი ტრამპი და მელანია ტრამპი სი ძინპინსა და მის მეუღლეს სახელმწიფო ვახშამზე უმასპინძლებენ.