რუსეთში მოსახლეობის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხების მოცულობა აგვისტოში შემცირდა. რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, მოქალაქეების საბანკო დანაზოგები თვეში 0.2%-ით, 107 მილიარდი რუბლით (დაახლოებით 1.3 მილიარდი დოლარით) შემცირდა.

მარეგულირებლის შეფასებით, კლების ერთ-ერთი მიზეზი აგვისტოსთვის დამახასიათებელი გაზრდილი ხარჯებია, მათ შორის შვებულებებისა და ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პერიოდში გაწეული დანახარჯები. თუმცა, გასული წლის აგვისტოში რუსების საბანკო ანგარიშებზე თანხები, პირიქით, 70 მილიარდი რუბლით (დაახლოებით 833 მილიონი დოლარით) გაიზარდა.

მიმდინარე გადინება 2022 წლის შემოდგომის შემდეგ ყველაზე დიდია. მაშინ, მობილიზაციის გამოცხადების პერიოდში, მოსახლეობის ნაწილმა სამხედრო სამსახურის თავიდან აცილების მიზნით ქვეყანა დატოვა და დანაზოგებიც თან გაიტანა. 2022 წლის სექტემბერში რუსების საბანკო დანაზოგები 458 მილიარდი რუბლით (დაახლოებით 5.5 მილიარდი დოლარით) შემცირდა, ოქტომბერში კი კლება 98 მილიარდ რუბლს (დაახლოებით 1.2 მილიარდ დოლარს) შეადგენდა.

ამასთან, რუსეთში დეპოზიტების ზრდის ტემპიც მნიშვნელოვნად შენელდა. აგვისტოში მაჩვენებელი წლიურად 9.2%-მდე შემცირდა, მაშინ როცა 2024 წელს და 2025 წლის პირველ ნახევარში 20%-ს აღემატებოდა.

მოსახლეობის დანაზოგების სტრუქტურაც იცვლება. დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების ფონზე, რუსების ნაწილი თანხებს სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში გადააქვს. მეორე კვარტალში მოქალაქეებმა საბროკერო ანგარიშებზე რეკორდული 1.1 ტრილიონი რუბლი (დაახლოებით 13 მილიარდი დოლარი) შეიტანეს.

ამავე დროს, იზრდება ნაღდი ფულის მიმართ მოთხოვნაც. საზოგადოებრივი აზრის ფონდის კვლევის მიხედვით, აგვისტოში გამოკითხულთა 37%-მა დანაზოგის შენახვის საუკეთესო საშუალებად ნაღდი ფული დაასახელა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2022 წლის შემდეგ. ბანკის ანგარიში ან დეპოზიტი 36%-მა აირჩია.

ცენტრალური ბანკის მონაცემებით, თებერვლიდან ივლისამდე მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მოცულობა თითქმის 3 ტრილიონი რუბლით (დაახლოებით 35.7 მილიარდი დოლარით) გაიზარდა. მარეგულირებლის შეფასებით, მოსახლეობის ნაწილი დანაზოგებს დეპოზიტებიდან სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებსა და უძრავ ქონებაში გადააქვს.

ანალიტიკოსების ნაწილი მოსახლეობის ქცევის ცვლილებაში ბანკებისა და სახელმწიფოს მიმართ ნდობის საკითხსაც ხედავს, მაგრამ სხვა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ნაღდი ფულის ზრდას უფრო პრაქტიკული მიზეზები - გადახდების შეფერხება და ბიზნესის ნაღდ ბრუნვაზე გადასვლა - ხსნის.

ამასთან, თანხების საბანკო სისტემიდან გადინებას ექსპერტები მხოლოდ დეპოზიტებზე შემცირებული სარგებელით არ ხსნიან. რუსეთში ნაღდი ფულის მოთხოვნას ზრდის უნაღდო გადახდებთან დაკავშირებული შეფერხებები, მათ შორის ინტერნეტის ხშირი გათიშვები, ასევე ეკონომიკური და პოლიტიკური გაურკვევლობა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ხარჯების ზრდას უკავშირდება. უცხოური მედიის შეფასებით, მოსახლეობის ნაწილისთვის დამატებით გაჩნდა შიში, რომ ომის დაფინანსების საჭიროების ზრდის შემთხვევაში, ხელისუფლებამ შესაძლოა კერძო დანაზოგების გაყინვა ან მათი გამოყენება მოითხოვოს.

ომის ხარჯების ზრდა თავად რუსეთის ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახება: Reuters-ის მიხედვით, რუსეთის 2026 წლის ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილ 1.6%-თან შედარებით შესაძლოა მშპ-ის 3%-მდე გაიზარდოს, რასაც რუსეთის ფინანსთა მინისტრი, მათ შორის, უკრაინის ომთან დაკავშირებულ გაზრდილ სამხედრო ხარჯებს უკავშირებს.