საქართველოში ახალგაზრდებს აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ იძულებით განაწყობენ, - ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოში სკოლის მოსწავლეებისთვის კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტი მოეწყო - სახელწოდებით „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“. მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ახალ ინიციატივას არ წარმოადგენს. ეს საქართველოს მრავალწლიანი პოლიტიკის ელემენტია, რომლის მიზანიც ისტორიული მოვლენებისა და აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის შესახებ დამახინჯებული აღქმის ჩამოყალიბებაა“, - აცხადებს ე.წ. უწყება.
ასევე, განცხადების თანახმად, „სხვადასხვა ლოზუნგების ქვეშ „მშვიდობის“, „დიალოგისა“ და „ქრისტიანული ღირებულებების“ შესახებ, ფაქტობრივად, ახალგაზრდებს თავს ახვევენ ცალმხრივ პოლიტიკურ ნარატივებს, რომელთა ნამდვილი მიზანი ქართველი ახალგაზრდების ხელოვნურად შექმნილ მითოლოგიურ სივრცეში აღზრდაა“.
„თაობა, რომელმაც აფხაზეთის წინააღმდეგ სისხლისმღვრელი ომი დაიწყო, არა მხოლოდ უარს ამბობს არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობის აღიარებაზე, არამედ მომავალი თაობის მომზადებას ობიექტური ისტორიული ფაქტების კიდევ უფრო დამახინჯებული გაგებით აგრძელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, „ქართველი იდეოლოგები ცდილობენ, ახალგაზრდები საკუთარი არარეალიზებული რევანშისტული პოლიტიკის იარაღად აქციონ“.
„ისტორიული მეხსიერების პროპაგანდისტული კონსტრუქციებით ჩანაცვლების მსგავსი მცდელობები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს არ სურს ომის დაწყებაზე საკუთარი პასუხისმგებლობა აღიაროს. დღევანდელ რეალობაში, საქართველოს მხრიდან მშვიდობიანი განზრახვის ერთადერთ დასტურს აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტზე ხელმოწერა წარმოადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.