გერმანულმა ავიაკომპანიების ჯგუფმა Lufthansa Group-მა მუსიკალური ინსტრუმენტების გადატანის წესები შეცვალა მას შემდეგ, რაც ცნობილ გერმანელ მევიოლინე კაროლინ ვიდმანს 1782 წელს დამზადებული უნიკალური ვიოლინოს ბორტზე ქეისით ატანის უფლება არ მისცეს. ინციდენტმა საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია და საბოლოოდ კომპანიის პოლიტიკის გადახედვა განაპირობა.

შემთხვევა 2025 წლის ნოემბერში მოხდა. ვიდმანს, რომელიც იტალიელი ოსტატის, ჯოვანი ბატისტა გვადანინის მიერ 1782 წელს შექმნილი ძვირფასი ვიოლინოთი მოგზაურობდა, Lufthansa-ს რეისზე ინსტრუმენტის ქეისით ატანა აუკრძალეს. მუსიკოსს ვიოლინოს ხელში ტარება მოუწია, რაც მისი თქმით, ინსტრუმენტისთვის სერიოზულ რისკს ქმნიდა.

ინციდენტის შემდეგ მევიოლინემ Lufthansa-ს ხელმძღვანელობას ოფიციალურად მიმართა. მოლაპარაკებების შედეგად კომპანიამ გადაწყვიტა წესების შეცვლა. ახალი რეგულაციები 2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა.

განახლებული წესების მიხედვით, ვიოლინო, ალტი, საყვირი, უკულელე და მსგავსი ზომის ინსტრუმენტები ოფიციალურად დაიშვება ხელბარგად Lufthansa-სა და Lufthansa Group-ის ყველა ავიაკომპანიაში, მათ შორის SWISS-ში, Austrian Airlines-ში, Brussels Airlines-ში, ITA Airways-სა და Eurowings-ში.

კომპანიამ ასევე დააწესა ახალი ზომითი კრიტერიუმი: ინსტრუმენტის შეფუთვის სიგრძის, სიგანისა და სიმაღლის ჯამი 125 სანტიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს, რაც ბევრ მუსიკოსს საშუალებას მისცემს ინსტრუმენტი დამატებითი ბილეთის შეძენის გარეშე წაიღოს სალონში.

მუსიკოსთა წრეებში გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდნენ და აღნიშნეს, რომ ერთმა ინციდენტმა ათასობით პროფესიონალი შემსრულებლისთვის მოგზაურობა მნიშვნელოვნად გაამარტივა.

euro-pulse