ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ გამართა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები და ხელი მოაწერა რამდენიმე სტრატეგიულ შეთანხმებას, რომლებიც ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებას, რომელიც საფუძველს შექმნის საქართველოსა და ტაჯიკეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის უფრო სწრაფად ამოქმედებისთვის.
„ტაჯიკეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები და ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებიც გაამყარებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის თქმით, შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაფართოება იყო, რაც ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
„შეხვედრებისას დიდი ყურადღება დაეთმო ტურიზმის სექტორში საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის კავშირების გაძლიერებას, რაც, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასაც“, – აღნიშნა მან.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მოლაპარაკებების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ როლზე, როგორც დამაკავშირებელ რგოლზე ევროპასა და აზიას შორის. ამ კონტექსტში განხილული იყო ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მიმდინარე მსხვილი პროექტები.
„მათ შორის, აღინიშნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ასევე საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტები, რაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ღირებულების მქონეა, რადგან საქართველოს გავლით ისინი მათ საექსპორტო ბაზრებს დაუკავშირდებიან“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი შეფასებით, აღნიშნული პროექტები საქართველოს რეგიონული სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას კიდევ უფრო გააძლიერებს და ქვეყნის როლს საერთაშორისო სავაჭრო და ლოგისტიკურ მარშრუტებში გაზრდის.