საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, სასკოლო ფორმების შესყიდვის პროცედურა დასრულდა და ფორმებს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია Glory Textile Industry-სგან შეიძენს, რომლის საწარმო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშია განთავსებული.

გაფორმებული ხელშეკრულება 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს. სამინისტროს ცნობით, ფორმების მიწოდება სამ ეტაპად განხორციელდება და პროცესი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარიმართება.

უწყების განმარტებით, ერთიანი სასკოლო ფორმა სკოლებში უფრო თანასწორი, ორგანიზებული და ჯანსაღი სასწავლო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს, ასევე შეამცირებს მოსწავლეებს შორის სოციალურ განსხვავებებს.

ფორმების დროულად უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“ შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელების უფლება მიენიჭა.