საერთაშორისო კვლევითი კომპანია Capital Economics მიიჩნევს, რომ თუ აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება ჩაიშლება და რეგიონში დაძაბულობა კვლავ გაიზრდება, თურქეთის ეკონომიკა სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება.
ანალიტიკოსების შეფასებით, თურქეთი განსაკუთრებით მოწყვლადია ენერგომატარებლების ფასების ზრდის მიმართ, რადგან ქვეყანა ნავთობისა და ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი იმპორტიორია. ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავებამ შესაძლოა ენერგორესურსების ფასები კიდევ უფრო გაზარდოს, რაც თურქეთისთვის იმპორტის ხარჯების მატებას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაღრმავებას გამოიწვევს.
Capital Economics-ის ცნობით, რეგიონული კრიზისის გაღრმავება თურქულ ლირაზეც დამატებით ზეწოლას მოახდენს. ინვესტორების მხრიდან რისკიანი აქტივებისადმი ინტერესის შემცირების შემთხვევაში, თურქეთს შესაძლოა უცხოური კაპიტალის მოზიდვა გაუჭირდეს, რაც ეროვნული ვალუტის გაუფასურების რისკს გაზრდის.
კომპანია აღნიშნავს, რომ ირანთან დაკავშირებული კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში, გლობალური ენერგეტიკული ბაზრები განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნება ჰორმუზის სრუტეში შესაძლო შეფერხებების მიმართ. ეს მარშრუტი მსოფლიო ნავთობისა და გაზის მიწოდებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არტერიაა და ნებისმიერი შეფერხება საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ენერგორესურსების გაძვირება თურქეთში ინფლაციის შემცირების პროცესსაც შეაფერხებს. ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უფრო ხანგრძლივად მოუწიოს, რაც ეკონომიკური ზრდის ტემპზე უარყოფითად აისახება.
Capital Economics მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების შენარჩუნება კვლავ საბაზისო სცენარად რჩება, მისი ჩაშლის შემთხვევაში თურქეთი იმ ქვეყნების ჯგუფში იქნება, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ახალი კრიზისის ეკონომიკურ შედეგებს ყველაზე მძიმედ იგრძნობენ.