Via Travel-ის დამფუძნებლის ნინო ნამგალაძის განცხადებით, ავიაბილეთებისა და ტურისტული მიმართულებების გაძვირება როგორც ევროპაში, ისე სხვა მიმართულებებზე უკვე თვალსაჩინოა. როგორც BMGTV-ს გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ნამგალაძემ აღნიშნა, განსაკუთრებით მოთხოვნად ევროპულ კურორტებზე ფასების მატება გაზრდილ საერთაშორისო მოთხოვნას უკავშირდება.
"ფასების მინიმუმ 5-10%-იანი ზრდა ნამდვილად ფიქსირდება. ძირითადად, ძალიან მოთხოვნად კურორტებზე ევროპაში ფასების ზრდა გამოწვეულია ამერიკული დიდი ნაკადებით", - აცხადებს ნინო ნამგალაძე.
ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი ასევე განმარტავს, რომ ზაფხულის სეზონზე ფასების შემცირება მოსალოდნელი არ არის და ტარიფები ძირითადად სტაბილურ ან მცირედ მერყევ დინამიკაში დარჩება.
"ზაფხულში ფასების კლება არ იქნება. თუმცა შეიძლება გარკვეულ დინამიკაში, თუ ყველაფერი მშვიდად წავა, რამდენიმე თვეში ბაზარი თავის ნიშნულს დაუბრუნდეს", - ამბობს ის.
ამასთან, მისივე განმარტებით, ფასების ფორმირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ავიაკომპანიების პოლიტიკაზე, ხოლო რეგულარული გადამზიდავების დიდი ნაწილი ტარიფებს მკვეთრად არ ამცირებს:
""ლუფთანზა" არასდროს დააგდებს ფასს, რამდენადაც დაუტვირთავი არ უნდა იყოს რეისი. ეს უფრო ლოუქოსთების ქცევაა - მაგალითად Wizz Air-ის შემთხვევაში შეიძლება ვნახოთ ასეთი მერყეობა“, - აცხადებს Via Travel-ის დამფუძნებელი.