„ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობაზე მონიტორინგის პროცესი, კიდევ უფრო გამჭვირვალე ხდება“ – ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.
„კონტროლის პროცესის სრულყოფისა და ობიექტურად აღრიცხვის მიზნით, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ სპეციალისტები სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვა.
კონკრეტულ ლოკაციაზე მომუშავე კონტროლიორების ჯგუფიდან კამერით აღიჭურვება ერთი თანამშრომელი, რომელიც პროცესის ვიდეოფიქსაციას განახორციელებს.
ახალი სისტემა უზრუნველყოფს, მგზავრთა უფლებების დაცვასა და სპეციალისტების საქმიანობის მეტ გამჭვირვალობას.
მგზავრთა ნაკადების ზედამხედველობის განყოფილებამ, მიმდინარე წელს მუნიციპალურ ტრანსპორტში საფასურის გარეშე გადაადგილების 5265 შემთხვევა გამოავლინა.
შეგახსენებთ, რომ მგზავრი ვალდებულია მგზავრობის საფასური ტრანსპორტში ასვლისთანავე გადაიხადოს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.