საქართველოს საპენსიო ფონდმა 2025 წლის წლიური საინვესტიციო ანგარიში — ზრდისა და გარდაქმნის წელი — გამოაქვეყნა. ანგარიში ასახავს წლის განმავლობაში ფონდის საინვესტიციო საქმიანობას, ინსტიტუციურ განვითარებას, პორტფელების შედეგებსა და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საბაზრო გარემოს მიმოხილვას.
ინფორმაციას საპენსიო ფონდი ავრცელებს.
„2025 წელი ფონდისთვის ინსტიტუციური განვითარების გაგრძელებისა და ძლიერი საინვესტიციო შედეგების წელი იყო. წლის ბოლოსთვის საპენსიო აქტივებმა 8.2 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო მხოლოდ 2025 წელს საინვესტიციო შემოსავალმა 796 მილიონი ლარი შეადგინა — რაც ფონდის ისტორიაში ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია. ჯამურმა პორტფელმა 11.8%-იანი წმინდა ნომინალური და 7.6%-იანი წმინდა რეალური ამონაგები აჩვენა.
ანგარიში აერთიანებს ფონდის განახლებულ მმართველობით სტრუქტურას, საინვესტიციო ჩარჩოს, აქტივების სტრატეგიული განაწილების მიდგომასა და გრძელვადიანი პორტფელის მართვის ძირითად პრინციპებს. დოკუმენტი ასევე მოიცავს საქართველოს ეკონომიკისა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების მიმოხილვას, საერთაშორისო ფინანსური ბაზრების ანალიზს და ფონდის აქციების პორტფელის შედეგების შეფასებას.
ცალკე ყურადღება ეთმობა კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური პორტფელების შედეგებს, აქტივების განაწილებასა და ამონაგების მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორებს. ანგარიშში ასევე ასახულია რისკების მართვის, საოპერაციო ინფრასტრუქტურის, პორტფელის მართვის სისტემისა და საპენსიო აქტივების უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული სამუშაო.
წლიური საინვესტიციო ანგარიშის გამოქვეყნებით საქართველოს საპენსიო ფონდი აგრძელებს გამჭვირვალე ანგარიშგების, გონივრული საინვესტიციო მართვისა და მონაწილეთა საპენსიო აქტივების გრძელვადიანი დაცვის პრინციპების მხარდაჭერას“, - წერია ინფორმაციაში.