მოსკოვის ყველა აეროპორტი დახურულია უკრაინული დრონების თავდასხმის გამო. იუწყება დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება - Meduza.
მოსკოვის საავიაციო კვანძის ოთხივე აეროპორტში — ვნუკოვოში, დომოდედოვოში, ჟუკოვსკისა და შერემეტიევოში — ფრენები შეჩერებულია ომის დაწყების დღიდან უკრაინული დრონების ყველაზე მასშტაბური თავდასხმის გამო.
„აეროფლოტმა“ მგზავრებს მოუწოდა, მოსკოვის აეროპორტებში გამგზავრებამდე ფრენის შესახებ ინფორმაცია ონლაინ შეამოწმონ. ავიამზიდავის ტელეგრამ-არხის ცნობით, ფრენის გაუქმების შემთხვევაში, მგზავრებს სთხოვენ არ მივიდნენ აეროპორტში, არამედ ონლაინ მოითხოვონ თანხის დაბრუნება ან შეცვალონ გამგზავრების თარიღი.
მხოლოდ შერემეტიევოს აეროპორტში, ონლაინ ტაბლოს მიხედვით, დაახლოებით 30 ფრენა გაუქმდა, რომლებიც 02:00-დან 10:00 საათამდე შუალედში უნდა შესრულებულიყო.
მოსკოვის ოთხივე აეროპორტი 18 ივნისის ღამეს დრონების თავდასხმის გამო გაფრენებისა და მოფრენებისთვის ორჯერ დაიკეტა. დილის 08:00 საათზე „როსავიაციამ“ გამოაცხადა, რომ აეროპორტები იხსნებოდა, თუმცა ერთი საათის შემდეგ ფრენები კვლავ გაუქმდა.
TASS-ის ცნობით, რომელიც აეროპორტის ადმინისტრაციას ეყრდნობა, შერემეტიევოში თანამშრომლები და მგზავრები, მათ შორის ისინიც, ვინც უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა, უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანეს. მგზავრები თავშესაფრებში გაგზავნეს, ტერმინალებში შესასვლელები კი დაიკეტა.
„როსავიაციის“ ცნობით, მგზავრებს, რომლებიც მოსკოვიდან გაფრენას ვერ ახერხებენ, აძლევენ ლეიბებსა და საძილე ქვეშაგებს; ხელმისაწვდომია სასმელი წყლის შადრევნები და ქულერები, ასევე ღიაა უფასო დედათა და ბავშვთა ოთახები.
18 ივნისის ღამეს მოსკოვს თითქმის 200 დრონი დაესხა თავს. დრონების დარტყმის შედეგად მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე, მათ შორის მოსკოვის წრიული საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე, მოძრაობა გადაიკეტა.