დღეს, მოსკოვზე უკრაინული დრონების თავდასხმის გამო, თბილისსა და მოსკოვს შორის სამი ავიარეისი გაუქმდა, ერთი რეისი კი დაგვიანებით სრულდება - ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს აეროპორტების მმართველ კომპანია TAV-ში უთხრეს.
ცნობისთვის, მოსკოვის ყველა აეროპორტი დახურულია უკრაინული დრონების თავდასხმის გამო. იუწყება დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება - Meduza.
მოსკოვის საავიაციო კვანძის ოთხივე აეროპორტში — ვნუკოვოში, დომოდედოვოში, ჟუკოვსკისა და შერემეტიევოში — ფრენები შეჩერებულია ომის დაწყების დღიდან უკრაინული დრონების ყველაზე მასშტაბური თავდასხმის გამო.
„აეროფლოტმა“ მგზავრებს მოუწოდა, მოსკოვის აეროპორტებში გამგზავრებამდე ფრენის შესახებ ინფორმაცია ონლაინ შეამოწმონ. ავიამზიდავის ტელეგრამ-არხის ცნობით, ფრენის გაუქმების შემთხვევაში, მგზავრებს სთხოვენ არ მივიდნენ აეროპორტში, არამედ ონლაინ მოითხოვონ თანხის დაბრუნება ან შეცვალონ გამგზავრების თარიღი.