საქართველოში გასტრონომიის ეროვნული სააგენტო შეიქმნება. შესაბამისი დადგენილება ირაკლი კობახიძემ უკვე დაამტკიცა და ის 20 ივლისიდან ამოქმედდება.
ახალი სააგენტოს მიზანი ქართული გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევა, დაცვა და საერთაშორისო პოპულარიზაცია იქნება. უწყება განსაკუთრებულ ყურადღებას ტრადიციულ ქართულ პროდუქტებსა და მათი დამზადების უნიკალურ ტექნოლოგიებს დაუთმობს.
სააგენტო, სხვა მიმართულებებთან ერთად, იმუშავებს დამბალ-ხაჭოს, მესხური ტენილი ყველის, ჩურჩხელისა და სხვა ქართული გასტრონომიული პროდუქტების წარმოების ტრადიციების შესწავლასა და პოპულარიზაციაზე. მისი მიზანია ქართული კულინარიული კულტურის საერთაშორისო აღიარებისა და ცნობადობის გაზრდა.
სააგენტოს შექმნის გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებს კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე. მისი თქმით, გაუგებარია, რა აუცილებლობა არსებობს ახალი უწყების შექმნისთვის და რა კონკრეტულ სარგებელს მოუტანს ის ქვეყანას. დონაძე არ გამორიცხავს, რომ ახალი სტრუქტურა დამატებით საბიუჯეტო ხარჯებთან ერთად პარტიული კადრების დასაქმების მექანიზმად იქცეს.
"ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთი ორგანიზაცია დაგვემატა სარჩენად და ორგანიზაციის თანამშრომლები, იმიტომ, რომ ამ ორგანზაციას სჭირდება შენობა-ნაგებობა და თუ შენობა-ნაგებობა არ დასჭირდება და რომელიმე უწყების შენობაში განათავსებენ, მას სჭირდება თანამშრომლები, სჭირდება ინვენტარი ფუნქციონირებისთვის და საერთოდ, კიტხვა ისმევა, რაში გვჭირდება აღნიშნული ორგანიზაცია, ანუ რა არის ამ ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობები. გასაგებია, რომ მტავრობას აქვს უფება, შექმნას სსიპი, მაგრამ რატომ სჭირდება ეს სსიპი და რა დოვლათს და განვიტარებას მოუტანს ქვეყანას ეს კონკრეტული. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რო,მ ყველა მათ მიერ შექმნილი ახალი სამსახური გახდება პარტიული აქტივის დასაქმების და მათი მეგობრების დასაქმების ადგილი და ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი სიტყვები, ეს არის ბევრ ფაქტებად დადასტურებული, იმიტომ, რომ ბევრი ორგანიზაციებია, სადაც არის პარტაქტივი დასაქმებული," - ამბობს ბესიკ დონაძე.
ახალი სააგენტოს შექმნას აბსურდულს და უგუნურებას უწოდებს რომან გოცირიძეც.
"მთავრობამ მორიგი უგუნური გადაწყვეტილება მიიღო. შეიქმნა ახალი სახელმწიფო უწყება, გასტრონომიის ეროვნული დეპარტამენტი. ხალხის ფულით საკუთარი გარემოცვის დასაქმების მორიგი კერა შექმნეს. მალე ხინკლის სტანდარტს დაგვიწესებენ. აბსურდია!" - წერს გოცირიძე სოც.ქსელში.