წალკის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები დასრულდა, თუმცა ადგილობრივების თქმით, წელს მიწა კიდევ უფრო ცოტამ დაამუშავა, ვიდრე შარშან, რადგან მიწის დამუშავება წლიდან წლამდე ძვირდება.
წალკელი ფერმერები საუბრობენ საწვავის, სასუქების, პესტიციდებისა და სათესლე მასალის გაძვირებაზე. მათივე თქმით, პრობლემას მოსავლის რეალიზაციაც წარმოადგენს, რის გამოც ბევრი გლეხი უკვე მხოლოდ ოჯახისთვის საჭირო ოდენობის პროდუქციას აწარმოებს.
სოფელ შუშებში მცხოვრებმა მერი დიმიტრაძემ Tok2Region-ს განუცხადა, რომ მათი ოჯახის ძირითადი შემოსავალი რძისა და კარტოფილის რეალიზაციაზეა დამოკიდებული, თუმცა გაზრდილი ხარჯების გამო ფართობების შემცირება მოუხდათ.
„გაძვირებულია სასუქი, პესტიციდები, ყველაფერი ის, რაც კარტოფილის წარმოებისთვის არის საჭირო. ყველაფერი არის ტრაქტორზე დამოკიდებული, ტრაქტორი აკეთებს ყველაფერს, რომ მოხნას, დაგითესოს და კარტოფილი ამოგიღოს. ჰექტრის დამუშავებას სეზონურად უნდა 1 600 ლარი. მერე რომ კიდევ კარტოფილი არ მოდის? ამას სასუქი უნდა, ყველაფერი გაძვირებულია და გასავალი არ გვაქვს. ხარჯი გვაქვს, ამიტომაც აღარ ვთესავთ ბევრს. ძვირი არ არის კარტოფილი. ადგილზე 30-50 თეთრი ღირს.
ძალიან იაფად უნდათ ჩვენი პროდუქტი, კარტოფილია თუ რძე. გაჭირდა სოფელში ცხოვრება. დამოკიდებული ვართ სოფლის მეურნეობაზე და აქედან მიღებულ შემოსავალზე. ჩვენი იაფია ყველაფერი, მაღაზიაში შეხვალ და ყველაფერი ძვირია“, — განაცხადა მერი დიმიტრაძემ.
კარტოფილის წარმოების შემცირებაზე მიუთითებს საქსტატის 2025 წლის წინასწარი მონაცემებიც. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში კარტოფილის წარმოება 6.1 პროცენტით შემცირდა და 207.9 ათასი ტონა შეადგინა.
ადგილობრივები ყურადღებას ამახვილებენ ფასთა სხვაობაზეც. მათი თქმით, მაშინ როდესაც წალკაში კარტოფილის რეალიზაცია ხშირად მხოლოდ 30-50 თეთრად არის შესაძლებელი, თბილისის ბაზრებსა და ქსელურ მაღაზიებში პროდუქტის ფასი 1.20-დან 1.50 ლარამდე მერყეობს.
სოფელ ტბეთის მცხოვრებმა თალიკო ბოლქვაძემ Tok2Region-თან საუბრისას აღნიშნა, რომ გასული წლის მოსავლის რეალიზაცია ვერ შეძლო.
„შარშანდელი კარტოფილის რეალიზება ვერ მოვახდინე, არ მოვიდა იმდენი, რამდენიც რეალიზაციას სჭირდება. მუშაობა ძვირია. არ იყო საკმარისი და მაქვს სახლში, პირუტყვისთვის. აზოტი სჭირდებოდა, ძვირია, ტრაქტორი სჭირდებოდა და ძვირია, ხელით რაც შევძელით ისე მოვუარეთ. სახლისთვის და ძროხებისთვის. უფრო ხარჯში წავედით.“
სოფელ არწივანში მცხოვრები ბეჟან დიმიტრაძე ამბობს, რომ გაძვირებული მომსახურების გამო მოსახლეობის ნაწილი მიწას საერთოდ აღარ ამუშავებს.
„მოხვნა ჯდება 400 ლარი, დაფრეზვას კიდევ სჭირდება 400 ლარი. ხალხი აღარ თესავს“, — განაცხადა მან.
სოფელ ტბეთში მცხოვრები ნათელა ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობაში საქმიანობა ეკონომიკურად აღარ ამართლებს.
„10 წლის წინ თუ ხნავდნენ, ახლა ყველა მინდორი საძოვრადაა ქცეული, გლეხს აღარ უღირს დახვნა-დათესვა. თუ მოიყვანა გლეხმა კარტოფილი, ლობიო, კომბოსტო, შემოდგომაზე ყველაფერი არის იაფად, ურჩევნია გლეხს ჯანმრთელობა შეინარჩუნოს და აღარ იმუშაოს, რადგან რეალიზაცია უჭირს.“
მსგავს პრობლემებზე საუბრობს სოფელ ტბეთის კიდევ ერთი მცხოვრები, გულნარა იაკობიძე.
„კარტოფილი არაფერი არ ღირს. ყველას მარანში აქვს კარტოფილი და ან ძროხას აჭმევს. გლეხის შრომას ფასი არ აქვს. ვიანგარიშე და აღარ დავთესე. დავთესე იმდენი, რაც ხელით შევძელი. პენსიონერი ვარ, სამი პენსია არ მეყოფოდა ყანისთვის. ბაზარში ვერ მიგვაქვს, ადგილზეც შემცირდა რეალიზაცია. ჩვენი ყველაფერი იაფია, რძეც, ყველიც, გლეხის ყველაფერი იაფია, ფასი არაფერს არ აქვს“, — აღნიშნა მან.
სოფელ რეხის მკვიდრის, ბადრი ვახტანგაშვილის თქმით, გაზრდილი ხარჯები განსაკუთრებით მძიმე ტვირთად აწვება მცირე ფერმერებს.
„ჰექტარი მიწის დამუშავება 400 ლარი ჯდება. არა აქვს გლეხს შესაძლებლობა დათესოს და რამე მოიყვანოს. შარშან უფრო ბევრს თესავდნენ. კარტოფილის სათესლეს გააჩნია, იმის ფასიც მომატებულია. წალკის მასშტაბით ვსაუბრობ, ცოტა ითესება.“
სოფელ ხაშკოვის მცხოვრები ვალერი ბალიანი კი ამბობს, რომ გასული წლის მოსავლის ნაწილის გაყიდვა დღემდე ვერ მოახერხა.
„სალიარკა გაძვირდა, კარტოფილს ვერ ვყიდით. 500 კილო შარშანდელი კარტოფილი მაქვს, ვერ ვყიდით.“
თალიკო ბოლქვაძის თქმით, ბოლო წლებში კარტოფილის მოყვანა მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის ხდება.
„ბოლო სამი-ოთხი წელია ნახევარ ჰექტარზე ვთესავ კარტოფილს, საერთოდ შედეგი არ აქვს. ვთესავთ იმიტომ, რომ ვცხოვრობთ სოფელში და ზამთარში ყიდვა არ მოგვიწიოს. თესლი რომ მოვიტანეთ ახალქალაქიდან, ლარი გადავიხადეთ, ჩვენი რომ მოგვყავს 50-60 თეთრია. ძალიან ძვირი ჯდება, თავის ფასად ვერ ვყიდით, რომ ამოვიღოთ თანხა და მაგ მხრივ გავაგრძელოთ მუშაობა.“
ადგილობრივების ნაწილი მიიჩნევს, რომ სოფლის პრობლემების შესაფასებლად ადგილზე მეტი ჩართულობაა საჭირო. სოფელ შუშების მცხოვრებმა ნათელა აბაშიძემ Tok2Region-ს განუცხადა:
„მარტო შუშებიდან სოფელი არ იმართება, ადგილზე უნდა მოვიდეს და ნახოს, ვისაც სოფელზე გული შესტკივა, როგორ ცხოვრობს ხალხი.“
წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლების თქმით, სოფლის მეურნეობა და მერძევეობა მათი შემოსავლის მთავარი წყაროა, თუმცა მზარდი ხარჯები, რეალიზაციის სირთულეები და დაბალი ფასები გლეხის შრომას სულ უფრო ნაკლებად მომგებიანს ხდის.